შემწვარი ქათამი ნიგვზის საწებლით (ბაჟა)
მასალა:
ქათამი 1ც.
ნიგოზი 2 ჩ/ჭ.
ყვითელი ყვავილი (ზაფრანა) 1 ჩ/კ.
ქინძი (ხმელი) 1 ჩ/კ.
უცხო სუნელი 1 ჩ/კ.
ნიორი 1-2 კბილი
ბროწეულის წვენი 0,5 ჩ/ჭ.
ძმარი 2 ს/კ.
წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ქათამი კარგად გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და მოვათავსოთ მდუღარე
მარილწყლიან ქვაბში. ვადუღოთ 5-10 წუთი, შემდეგ ამოვიღოთ ქვაბიდან და შევდგათ
ღუმელში შესაწვავად. როცა კარგად შეიწვება, ცხელ-ცხელი დავჭრათ საშუალო ზომის
ნაჭრებად და ჩავალაგოთ საწებელში, რომელიც ასე მზადდება: ყვითელი ყვავილი (ზაფრანა), მარილი, ნიგოზი, ნიორი, დავნაყოთ წმინდად.
ცალკე დავნაყოთ ნიგოზთან ერთად ხმელი სუნელი, წიწაკა, ქინძის თესლი. ყველაფერი ეს
კარგად ავურიოთ და ვსრისოთ ხელით მანამდე, სანამ ნიგოზს ზეთს არ გამოვადენთ.
გამოხდილი ზეთი ცალკე შევინახოთ. ნიგოზი გავხსნათ ბროწეულის წვენში (ან ცოტა
ძმარში), დავამატოთ ანადუღარი ცივი წყალი ისე, რომ საშუალო სისქის საწებელი
მივიღოთ.
ასეთი წესით მომზადებულ საწებელში ჩავალაგოთ შემწვარი ქათამი, ზევიდან
მოვასხათ გამოხდილი ზეთი.
|