შავი მოცხარი
შავი მოცხარი, ხუნწი - Ribes nigrum L. მიეკუთვნება saxifragaceae-ს ოჯახს. იგი უეკლო ბუჩქოვანი მცენარეა. მოცხარის ღეროს სიმაღლე 1-1,5 მ-ია, იშვათად 2 მ-მდეა. ღერო სწორმდგომია, დატოტიანებული ნორჩი ყლორტები მომწვანო ფერისაა. ღეროს ქვედა ტოტები ზოგჯერ მიწაზეა გართხმული. ღერო მუქი-მურა ან წითელ-დარიჩინისფერია, ახალგაზრდა ტოტების ქერქი მოყვითალო-რუხია. ფოთლები მორიგეობითია, ყუნწიანი, მათი სიგრძე 10 სმ-მდეა, ფოთოლი ხუთნაწილიანია, ფუძესთან ოდნავ გულისებური, ზემოდან შიშველია, ქვემოდან ძარღვებთან შებუსულია და მოფენილია ოქროსფერი ჯირკვლოვანი წერტილებით. ფოთლის ფირფიტა ფართო სამკუთხაა, შუა ნაწილში მსხვილია. ფოთლის კიდე ხერხისებრი ან მსხვილკბილებიანია. ყვავილედი შედგება 5-12 ყვავილისაგან და წარმოადგენს მტევანს. მტევნის სიგრძე 5-8 სმ-ია. ყვავილის ყუნწი 3-8 მმ-ია. წვრილი ყვავილედი ლანცეტისებურია. ყვავილების დიამეტრი 5-9მმ-ია, შებუსულია, ჯირკვლოვანი წინწკლებითაა. ჯამის ფურცელი 5-ია, მოგრძოა, მოწითალო ან მოყვითალო რუხია, მოკლე ბუსუსოვანია. გვირგვინი 5 ფურცლიანია. ფურცლები წვრილია, კვერცხისებური, მოთეთრო ან ოდნავ მოწითალო. მტვრიანა 5-ია. ბუტკო ქვედა ნასკვითაა და ორი შეზრდილი სვეტით. ნაყოფი მრავალთესლიანია, სფეროსებური, შავი ან მუქი იისფერი, წვნიანი. კენკრის დიამეტრი 7-10 მმ-ია. მის წვეროზე ყვავილისაფრის ნაშთია. სიმწიფისას ცილდება ყუნწს. მოცხარი ყვავილობს მაის-ივნისში. ნაყოფი მწიფდება ივლის-აგვისტოში. შავი მოცხარი გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ამერიკაში. იზრდება ნესტიან ტყეებში, ველობებზე, მდინარეთა და ტბების პირას, ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლემდე, ქმნის პატარა ნაზარდებს. მრავალ ქვეყანაში იგი კულტურაშია შეტანილი.
საქართველოში ველურად არ გვხვდება, შემოტანილი კულტურაში.. საქართველოში გავრცელებულია მოცხარის სამი სხვა სახეობა:
. Ribes biebersteinii Berl- -კლდის მოცხარი
. R. orientale Desf. - აღმოსავლური მოცხარი
. R. alpinum L. - მთის მოცხარი.
ოფიცინალური ნედლეულია:
. შავი მოცხარის ნაყოფი - Fructus Ribis nigri
ფოთლები
მშრალი ნაყოფი სფეროსებრია, შავი, დანაოჭებული, ოქროსფერი ჯირკვლებით დაფარული. ამ ჯირკვლებში ეთეროვანი ზეთია. ნაყოფს ემჩნევა ემჩნევა ჯამის ფოთლების ნარჩენები. ნაყოფის რბილობში მრავალი თესლია. სუნი არომატული, გემო მომჟავო-ტკბილი, ოდნავ ძელგი. შავი მოცხარის ნედლი ნაყოფი უპირველეს ყოვლისა ფასობს ვიტამინ C-სა ვიტამინი P-ს (1%) მაღალი შემცველობით.მათში ბევრია: Fe (0,9მგ%) Cu, Zn, Mo, Co, I, Na, K, Mg, Mn, Ca. შეიცავს აგრეთვე :B1, B2, B6, B9, D, E, K, კაროტინოიდებს, ანთოციანურ ნაერთებს და მათ გლიკოზიდებს, გლუკოზას, ეთეროვან ზეთს, ვაშლის მჟავას, ლიმონის მჟავას, მთრთიმლავ ნივთიერებებს, ნახშირწყლებს, პექტინს, საქაროზას,ფლავონოიდებს, ფრუქტოზას, ღვინის მჟავას, შაქრებს;ანთოციანებს: ციანიდს; დელფინიდის და მათ გლიკოზიდებს; ფენოლკარბონის მჟავებს: ქლოროგენის, ნეოქლოროგენის, ქინინის, N-კუმარინს, პროტოკატექის და O-კუმარინის მჟავებს: ბევრია შავი მოცხარის ფოთლები შეიცავს ვიტამინ C-ს (250 მგ%), ეთერზეთს, რუტინს, ფიტონციდური მოქმედების ნივთიერებებს, ფენოლურ შენაერთებს, ეთეროვანი ზეთს, ფლავონოიდებს. დღეისათვის შავი მოცხარის მრავალი ჯიშია გამოყვანილი. მათი რაოდენობა დიდია და ერთმანეთისაგან მრავალი ნიშნით განსხვავდებიან. კონკრეტული რეგიონისათვის კონკრეტული ჯიშია შერჩევა ცალკე ამოცააა. ჩვენ აქ არ მოგვყავს ჯიშების დახასიათება. ამგვარი სამუშაო ჯობს უშუალოდ კონკრეტული პლანტაციისათვის ჩატარდეს. მოცხარის გასაშენებლად უკეთესია სწორი ადგილები 3-50 -იანი დაქანებით. იგი ნესტის მოყვარული მცენარეა, ამიტომ უმჯობესია ნიადაგი იყოს ნესტიანი და წყლის კარგი გამტარუნარიანი. გამოუსადეგარია ნაკვეთები, სადაც წყალი გუბდება. ნიადაგს დაამუშავებენ შემოდგომაზე, 25-30 სმ სიღრმეზე. შემოდგომაზე ღრმად მოხნული ნიადაგები უნდა აიოშოს 12-15 სმ-ზე და შემდეგ დაიფარცხოს. მსუბუქი ნიადაგისათვის საკმარისია მარტო დაფარცხვა. სასუქის შეტანა უმჯობესია წინამორბედი კულტურის ქვეშ, ან უშუალოდ გაშენების წინ, ნაკვეთის დაფარცხვამდე (1 ჰა-ზე 30-40 ტ ნაკელი). კარგ სტრუქტურულ ნიადაგებში ნაკელის ნაცვლად შეიძლება სასუქების შეტანა კულტივაციამდე. შავი მოცხარი ძირითადად მრავლდება ვეგეტაციურად. ამისათვის გამოიყენება გამერქნიანებული კალმები და მწვანე კალმები. სარგავი მასალის მისაღებად საჭიროა სპეციალური სანერგეს მოწყობა, ან კიდევ სამრეწველო ნერგებიდან სადედე ბუჩქების გამოყოფა. გამერქნიანებული კალმით გამრავლებისას სადედე ბუჩქიდან უნდა ავაჭრათ ერთწლიანი კარგად განვითარებული მომწიფებული ყლორტები, კარგად განვითარებული კვირტებიანად. აჭრა საჭიროა ტოტისძირის სიახლოვეს. ყლორტს დაჭრიან 15-20 სმ სიგრძის კალმებად. კალმების სისქე 6 მმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. კალმების აჭრა შეიძლება გვიან შემოდგომით, ზამთრის დასრულებისას, ჰაერის დათბობის�თანავე და ადრე გაზაფხულზე, წვენის მოძრაობის დაწყებამდე. დარგვამდე კალმებს ინახავენ გრილ ადგილას, ნესტიან ქვიშაში კონებად შეკრული სახით. თითოეულ კონაში 100 ცალის ოდენობით. სარგავი მასალის შორ მანძილზე ტრანსპორტირებისათვის კალმებს შემოახვევენ ნესტიან ხავსს და ჭილოფით შეკრავენ. დარგვის წინ კალმებს ბოლოს მოაჭრიან კვირტთან ახლოს. კალმის წვერი კვირტიდან 2-3 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული. კალმების დარგვა უმჯობესია ადრე გაზაფხულზე, კვირტების გამოტანამდე, წინასწარ მომზადებულ ნიადაგში. სარგავ მასალას ათავსებენ რიგებში. რიგთა შორის მანძილი მცირე ფართობებზე 80 სმ-ია, ხოლო რიგში კალმებს შორის მანძილი 15 სმ. დარგვის სიღრმე დამოკიდებულია ნიადაგის ტიპზე და ჰავის პირობებზე. დასავლეთ საქართველოს რაიონებში მსუბუქ ნიადაგებზე მოცხარის კალმის 2\3 მიწაში უნდა მოექცეს. აღმოსავლეთ საქართველოში მიწისზემოთ უნდა დავტოვოთ მხოლოდ ერთი კვირტი. დარგულ კალმებს მიწას შემოუყრიან, მოტკეპნიან და მორწყავენ. მოცხარის გადარგვა უმჯობესია შემოდგომით. სტანდარტული სანერგე მასალა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ფესვთა სისტემა უნდა იყოს კარგად დატოტვილი, რომლის სიგრძე 15 სმ-ზე ნაკლები არ იქნება. მიწისზედა ნაწილში იქნება ერთი ისეთი ყლორტი, რომლის სიგრძე სულ ცოტა 30-35 სმ იქნება. ძირითად ყლორტს ექნება 2-3 განტოტვილი საღი ყლორტი. მოცხარის გაშენებისას მცენარეთა შორის მანძილი უნდა განისაზღვროს ნიადაგისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით.საშუალოდ მცენარეთა შორის მანძილი 0,75-1 მ უნდა იყოს. დარგვის წინ ნერგებს ტოტებს ისე წააჭრიან, რომ მისი სიგრძე 15-20 სმ დარჩეს, ასევე შეკვეცენ ფესვებსაც. ნერგი უნდა დაირგას 3-5 სმ-ით უფრო ღრმად, ვიდრე სანერგეში იყო დარგული. ასეთი წესით დარგული ნერგი ივითარებს დამატებით ფესვებს და მძლავრი ბუჩქი ვითარდება. დარგვის შემდეგ ნარგავი უნდა მოირწყას, მოეყაროს ფხვიერი ნაკელი 2-3 კგ-ის ოდენიბით ერთ ძირზე ან ფხვიერი მიწა. მცენარის აქტიური ზრდის ფაზაში (აპრილი) და ნაყოფის დაკრეფის შემდეგ (აგვისტო) ნია�დაგს ანოყიერებენ (90-120 კგ/ჰა აზოტოვანი, 100-120 კგ\ჰა ფოსფოროვანი და 200-240 კგ\ჰა კალიუმიანი სასუქით). დარგვის პირველ წელს მოცხარის ნარგავის მოვლა მოითხოვს ნიადაგის გაფხვიერებას, სარეველების მოსპობას, მავნებელებისა და დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლას, მორწყვას საჭიროების მიხედვით, მოცდენილი ადგილების შევსებას ახალი ნერგებით. მაღალმოსავლიანობის მიღების მიზნით საჭიროა ნიადაგის სისტემატიურად გაფხვიერება. ვეგეტაციის განმავლობაში ნიადაგი უნდა გაფხვიერდეს სულ ცოტა 4-5-ჯერ მაინც. გაფხვიერების სიღრმე უნდა იყოს 6-8 სმ. შემოდგომით ნიადაგი უნდა დამუშავდეს 10-15 სმ სიღრმეზე. მნიშვნელოვანი ღონისძიებაა პლანტაციის მორწყვა. ნიადაგში 1მ სიღრმემდე სტაბილურად უნდა იყოს 70-80% ნესტი. ამის მისაღწევად ვეგეტაციის განმავლობაში (აპრილი-აგვისტო) ნარგავები 2-3-ჯერ უნდა მოირწყას. რწყვის ნორმა წელიწადში საშუალოდ 1000-1100 მ3\ჰა, ერთჯერადი მორწყვისას კი - 450-550 მ3\ჰა. მნიშვნელოვანი ღონისძიებაა მცენარის ვარჯის ფორმირება. მოცხარის ბუჩქის გასხვლის მიზანია მისი გაახალგაზრდავება. ბუჩქს ხმელი და 5-6 წლიანი ტოტები უნდა მოსცილდეს. მოცხარს მრავლად უვითარდება ფესვის ამონაყრები. გასხვლის დროს საჭიროა 2-3 ერთწლიანი ამონაყრის დატოვება და დანარჩენი ტოტების გადაჭრა 1/4– სიგრძეზე. გადანაჭრები იძლევიან გვერდით დატოტიანებას და ხელს ეწყობენ მოსავლიანობის გაზრდას. გასხვლა უმჯობესია შემოდგომით, თუმცა შესაძლებელია გაზაფხულზეც - კვირტების გამოტანამდე (წვენის მოძრაობის დაწყებამდე). მოცხარს აზიანებენ მავნებლები: ტილები, ბაღლინჯოები. ავადმყოფობებიდან აღსანიშნავია მოცხარის ჟანგა, მოცხარის ანთრაკნოზი, ფოთლების ლაქიანობა. მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ღონისძიებებია: ადრე გაზაფხულზე კვირტების დაბერვამდე ძველი და ტილებისაგან დაზიანებული ფოთლების გასხვლა და განადგურება; ყვავილობის წინ 1%-იანი ბორდოს ხსნარის შესხურება. ყვავილობის შემდეგ 0,2% ანაბაზინის და საპნის ხსნარის შესხურება. ნაყოფის შეგროვების შემდეგ ნარგავებს ასხურებენ 1% ბორდოს ხსნარს. მოცხარისაგან ამზადებენ ნაყოფებს. კარგი პლანტაცია ჰექტარზე 2 ტონამდე ნაყოფს იძლევა. ნაყოფს ამზადებენ ამზადებენ მშრალ ამინდში, როცა ცვარი შეაშრება მცენარეს. შეგროვებულ ნედლეულს ასუფთავებენ ფოთლებისაგან, ტოტებისაგან და სხვა მინარევებისაგან, მოაშორებენ დაზიანებულ, დამპალ და უმწიფარ ნაყოფებს. შავი მოცხარის ნაყოფებს აშრობენ რკინის სახურავიან სხვენზე. ჩარჩოზე გადააფარებენ მარლას და ზედ თხლად გაშლიან ნაყოფებს. გაშრობა შესაძლებელია საშრობებში თავიდან 35-400C ტემპერატურაზე 4-5 საათის განმავლობაში, შემდეგ კი 55-600C ტემპერატურაზე ამთავრებენ შრობას. შრობის დროს საჭიროა ნედლეულის გადარევა. ამასთან ყურადღება უნდა მიექცეს რათა ისინი არ დაიწვას. ნედლეული გამშრალია, როცა ხელის დაჭერისას არ არის წებოვანი. მშრალი ნედლეულის გამოსავლიანობა შეადგენს 18-20%-ს ნედლ მასაზე გადაანგარიშებით. შავი მოცხარის ნედლეული წარმოადგენს ძლიერ დანაოჭებულ ნაყოფებს, რომელთა დიამეტრი 4-10 მმ-ია, შესველებისას კი სფეროსებურ ფორმას ღებულობენ. კენკრის წვეროზე შეიმჩნევა ჯამის ნაშთი. ნაყოფის რბილობში მრავალი მურა-წითელი ფერის თესლია. კენკრას ფუძესთან გააჩნია მოკლე ყუნწი. კენკრა გარედან შავი ან მუქი-იისფერია; რბილობი მუქი-იისფერი. ნაყოფის ზედაპირის ლუპით დათვალიერებისას შეიმჩნევა ოქროსფერი ეთერზეთოვანი ჯირკვლები. ნედლეულს აქვს თავისებური, არომატული სუნი, გემო მჟავეა, ოდნავ შემკვრელი. დაუშვებელია ნედლეულში შხამიანი მცენარეებისა და მათი ნაწილების, ობის, სიდამპლის არსებობა. შენახვისას ნედლეული დაცული უნდა იყოს კენკრის მშრალ ნაყოფებს ფუთავენ 30-40 კგ-იან ფუთებში და ინახავენ მშრალ, კარგი განიავების პირობებში თაროებზე, სადაც დაცული იქნება მღრღნელებისა და მწერებისაგან. შენახვის ვადაა 1 წელი. შავი მოცხარის ნაყოფებსა და ფოთლებს იყენებენ როგორც ვიტამინურ საშუალებას სურავანდის, ჰიპო- და ავიტამინოზის დროს, აგრეთვე სხვადასხვა დაავადებების გადატანის შემდეგ, რომელიც ორგანიზმს ფიტავს და ასუსტებს. დადგენილია, რომ მოცხარს გააჩნია ბაქტერიოციდული მოქმედებაც, რაც აიხსნება მასში შემავალი ფიტონციდებით. შავი მოცხარის წყლიანი გამონაწვლილის ცხლად მიღება ნაჩვენებია რევმატიზმის დროს. მკურნალობა საჭიროა რამდენიმე თვის განმავლობაში. შავი მოცხარის ფოთლებში შემავალი ეთერზეთით აიხსნება მისი დიურეზული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. შავი მოცხარის ფოთლების თეთრ ღვინოზე დამზადებული ექსტრაქტი ახდენს მატონიზირებელ გავლენას კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე.
. შავი მოცხარის ნაყოფები სასიამოვნო და მეტად სასარგებლო საკვებია. იყენებენ ნედლად, გამხმარს, გაყინულს; ამზადებენ მურაბას, წვენს, ჯემს და სხვა.
. შავი მოცხარის ნაყოფები გამოიყენება საკონდიტრო მრეწველობაშიც. მისგან ამზადებენ ლიქიორებს. ფოთლისგან ღებულობენ ეთერზეთს, რომელიც გამოიყენება ბოსტნეულის დამწნილებისას.
. მოცხარის ერთ-ერთ სახეობას, ოქროსფერ მოცხარს იყენებენ დეკორატიული მიზნით
. გამოიყენება ცოცხალ ღობედ და ტყისსაცავ ზოლში
. იყენებენ საძირედ ხურტკმელისა და მოცხრის შტამბიანი ფორმების მისაღებად.
. შავი ფოთლები კი ჩაის სუროგატია, შედის ,,ხილის ჩაების" მრავალ ნაკრებში.
. ამზადებენ გამაგრილებელ სასმელებს.
. ზოგიერთ ქვეყანაში პოპულარულია მოცხარის ღვინოები. ფოთლები და კვირტები იხმარება ნაყენებისა და ლიქიორების წარმოებაში. ფოთლები იხმარება ბურახის დამზადებისას.
. ფოთლებს იყენებენ სოკოები, კიტრის და პომიდვრის დამწნილებისას მათი არომატიზირებისათვის.
წყარო: medgeo.net
|