როგორ გამოვაცხოთ აჭარული ხაჭაპური
ამ
კერძის დასამზადებლად რჩევები - კაფე ბარ _ "ლაგუნას” მზარეულმა _ რომან რომანოვმა მოგვცა, იგი ექვსი თვე ეუფლებოდა ამ ხელობას და დღეს მართლაც უგემრიელეს ხაჭაპურს აცხობს. აჭარაში ყველაზე გავრცელებული და ერთ-ერთი უგემრიელესი კერძის _ აჭარული ხაჭაპურის დამზადება სახლის პირობებში, როგორც აღმოჩნდა, არც ისე რთული საქმეა. რომანის რჩევით, ცომი თბილი წყლით უნდა მოიზილოს. ცომს გაურიეთ ცოტა მარილი და საფუარი, ზილეთ 5 წუთის განმავლობაში, დაელოდეთ მის გაფუებას, რის შემდეგაც შეუდექით აჭარულ ხაჭაპურზე ნავისებრი ფორმის მიცემას. აიღეთ დაახლოებით 200 გრ. ცომი და მას შემდეგ, რაც მას 1სმ.-მდე გააბრტყელებთ (კიდეებში ოდნავ სქლადაც შეიძლება) მიეცით მას ოვალური ფორმა და უბრალოდ გადმოუკეცეთ ორი მხარე, ისე რომ, შუაში ადგილი არ დარჩეს ანუ ორივე ფრთა ერთმანეთს მიებჯინოს, დარჩენილი ორი ბოლო(ყურები) კი მოუმრგვალეთ, შემდეგ თითები ნაკეცში ჩავყოთ და გადმოკეცილი ფრთები მარჯვენა და მარცხენა მხარეს მივაჩოჩოთ. როცა ცომი ნავის ფორმას მიიღებს, მასში მოათავსეთ გახეხილი ყველი. «ლაგუნას» კიდევ ერთი მზარეულის _ ალიოშა იანდიანის რჩევით, კარგი იქნება თუ იმერულ ყველთან ერთად, სულგუნსაც გაურევთ და ცოტა კვერცხს ჩაუმატებთ (3 პორცია ხაჭაპურზე - 1კვერცხი). ხაჭაპური შედგით ღუმელში. იმის მიზეზი რომ ხშირად სახლში გამომცხვარი აჭარული ხაჭაპური ისეთივე გემრიელი არ გამოდის, როგორიც კაფეში - არის ის, რომ აქ იგი 500გრადუსზე იწვის, ამიტომ სახლის ღუმელი მაქსიმალურ ტემპერატურაზე ჩართეთ. საშუალოდ 20-25წუთის შემდეგ, როცა ხაჭაპური შეწითლებას დაიწყებს, გამოიღეთ და ყველში ჩაუმატეთ კვერცხის გული (სასურველია სოფლის კვერცხი) და ისევ ღუმელში შედგით. დაახლოებით 2-3 წუთში, როცა ხაჭაპური საბოლოოდ შეწითლდება, კერძი მზადაა, დაუმატეთ 1-2 ნაჭერი კარაქი.
გემრიელად
მიირთვით!
წყარო:
lifestylebatumelebi.blogspot.com
|