რატომ უწოდებენ საქართველოს ღვინის აკვანს?
საქართველოს
მემკვიდრეობად
მეღვინეობის
უძველესი კულტურა ერგო. სამართლიანად უწოდეს მას ღვინის აკვანი. ზოგადად, ღვინის ისტორია ნეოლითის ხანაში დაიწყო და ამის ნაკვალევი ყველაზე ცხადად ჩვენს ქვეყანაში გამოჩნდა. რამდენიმე ათეული წლის წინ, ქვემო ქართლში თბილისის სამხრეთით, მარნეულის ველზე, დანგრეული გორა ნასახლარში არქეოლოგებმა ძვ.წ. VI-V ათასწლეულების ვაზის რამდენიმე წიპწა აღმოაჩინეს და მორფოლოგიური და ამპელოგრაფიული ნიშნების მიხედვით იგი ვაზის კულტურულ სახეობას, Vitis
Vinifera-ს
მიაკუთვნეს.
საქართველოში
ასეთი მასალა წლების მანძილზე გროვდებოდა, არსებობდა შულავერის გორაზე ნაპოვნი V-IV ათასწლეულის, ხიზანაანთ გორის IV ათასწლეულის, მდ. ივრის ხეობაში, ადრებრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსული კულტურის ძეგლზე, ქვაცხელებში ნაპოვნი წიპწები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ძვ. წ. XIV-XI საუკუნეების წიპწები, რომელიც ს. დიღმის გვიანბრინჯაოს ხანის ნამოსახლარში იპოვნეს – ეს წიპწები იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ საღვინე და სასუფრე ჯიშების წიპწები ერთად აღმოჩნდა. თუმცა დანგრეულ გორაზე გაკეთებულმა ამ აღმოჩენამ ყველაფერი გადაფარა. გაირკვა, რომ ადამიანისა და ვაზის ურთიერთობა VI ათასწლეულიდან დაიწყო და რომ პირველი კულტურული ვაზი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება. ვაზმა და ღვინომ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ქართველი ერისათვის. იგი მისი კულტურის გამუყოფელ ნაწილად იქცა. ღვინოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქრისტიანულ რელიგიაშიც. ზიარებისას მიღებული პური და ღვინო ქრისტეს ხორცსა და სისხლთან ასოცირდება. განა თვითონ ქრისტესგან არ მოდის ეს ტრადიცია, როდესაც მან საიდუმლო სერობაზე 12 მოციქული აზიარა მის „სისხლსა და ხორცს"? ვაზი ფიგურირებს საქართველოს გაქრისტიანები9ს ლეგენდაშიც. წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი საყოველთაოდ ცნობილია და განსაკუთრებული ქართველთათვის. ვაზს არაერთი საგალობელი მიეძღვნა, მათ შორის გამოვარჩევთ დავით აღმაშენებლის შვილის, დემეტრე უფლისწულის „შენ ხარ ვენახი" საგალობელს, რომელიც ღვთისმშობელს უძღვნა. მრავლად გვხდება ვაზის ორნამენტები ეკლესია–მონასტრებში. საგულისხმოა, რომ საქართველოში ველური ვაზიც გვხდება. ეს კი ფაქტი იმით არის ნიშანდობლივი, რომ მეცნიერები ველური ვაზის გავრცელების არეალად მთელს ევრაზიას მიიმჩნევენ, შესაბამისად საქართველო შეიძლება ყოფილიყო სწორედ ის ადგილი, სადაც მოხდა ველურიდან კულტურულ ვაზზე გადასვლა. არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოში თიხის ჭურჭლის მომზადებამდეც კი, ღვინოს ტრადიციული წესით ამზადებდნენ და ამისთვის გოგრას იყენებდნენ. ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ქართული ღვინის კულტურა ოდითგანვე ცნობილია საერთაშორისო მასშტაბით. ძველად ქართული ღვინის ექსპორტი საბერძნეთში, სპარსეთის იმპერიაში და იერუსალიმში ხდებოდა. დაახლოებით 800 წ. ჩვ. წ. აღ.-დე საქართველოში არსებობდა მეღვინეობის სასწავლებელი.
წყარო:
literatura.mcvane.ge
|