ყურძნის დაწურვა საქართველოში
დამახასიათებელია
ქართლ-კახეთისათვის. აქვეა გავრცელებული ხის საწნახელი, რომელიც არც თუ იშვიათად იმერელი ოსტატების მიერაა დამზადებული. დასავლეთ საქართველოში უმთავრესად ხის საწნახელი გამოიყენება, თუმცა აქა-იქ მთლიანი ქვისაგან (მონოლითისაგან) გათლილი საწნახელიც დასტურდება. ხის საწნახელი, ჩვეულებრივ, ცაცხვის ხის გულამოღებულ და საგანგებოდ გათლილ მორს წარმოადგენს. საქართველოში იგი სხვადასხვა სახელწოდებითაა ცნობილი: ნავის სახელწოდებით მას ქართლ-კახეთში მოიხსენიებენ, საწნახელად - ქართლში, იმერეთსა, გურიაში, ხორგოს ეძახიან რაჭა-ლეჩხუმში, ხაპს - რაჭაში, ხოლო სამეგრელოში - ოჭინახს. საქართველოს მარნებში სხვადასხვა სიდიდისა და ტევადობის
საწნახლებს
ვხვდებით.
მისი სიგრძე ოთხიდან ათ არშინამდე მერყეობს. უზარმაზარი საწნახელის ნახატი შემოგვინახა
XVII საუკუნის
იტალიელი მისიონერის კასტელის ჩანახატების ალბომმა. სურათზე ჩანს, რომ საწნახელს კიბე აქვს მიდგმული, მზიდავები ამ კიბით ადიან და საწნახელში ცლიან ყურძნით სავსე გოდრებს. ხის საწნახელი ქართულ წერილობით ძეგლებში პირველად ნიკორწმინდის სიგელში გვხვდება (XI ს.). საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი ქვის საწნახლები ადრეელინისტური ხანით (ძვ. წ. IV – III სს.) თარიღდება. ისინი კლდეშია ნაკვეთი. თითოეულს, გარდა ყურძნის დასაწური მოედნისა, აქვს ტკბილის მოსაკავებელი აუზი, რომელიც ძირითად განყოფილებასთან
კლდეშივე ამოკვეთილი სადინარითაა დაკავშირებული.
წყარო:
avtoradio.ge
|