პომიდორი
პომიდორი
(Lycopersicon), ერთ-
ან მრავალწლოვანი (ტროპიკებში), ბალახოვანი და ბუჩქბალახოვანი მცენარის გვარი ძაღლყურძენასებრთა
ოჯახისა. ველური ფორმები ნაპოვნია პერუში, ვესტინდოეთში, ეკვადორში, ჩილეში, კანარის კუნძულებზე, ფილიპინებზე. სამშობლოა სამხრეთი ამერიკა. ევროპაში გავრცელდა XVI საუკუნიდან, რუსეთში ცნობილია 1780 წლიდან, საქართველოში
XVIII საუკუნის
II ნახევრიდან.
მის აღსანიშნავად ხმარობენ აგრეთვე სიტყვა „ტომატს". საქართველოში „ტომატს" პომიდვრის სხვადასხვა სახის კონსერვს უწოდებენ. საქართველოში ყველგან მოჰყავთ ზღვის დონიდან 1700 მ-მდე. პომიდვრის გვარში 3 სახეობაა:
Lycopersicon peruvianum, Lycopersicon hirsutum და ჩვეულებრივი პომიდორი (Lycopersicon esculentum), რომელშიც 2000-მდე ჯიში და ფორმაა. ჩვეულებრივი პომიდორი ერთწლოვანია, ღერო ჩამწოლი ან სწორმდგომია, სიმაღლით
0,2-3,0 მ,
შიშველი ან ოდნავ შებუსული; ფოთოლი კენტფრთართულია;
ყვავილედი
— მტევანი;
ყვავილი —
წვრილი, საშუალო ან მსხვილი, ყვითელი, სხვადასხვა ელფერი დაჰკრავს. უმეტესად თვითდამმტვერავია.
ნაყოფი — წვნიანი, ორ- ან მრავალბუდიანი, მრგვალი, მობრტყო-მრგვალი, ბრტყელი, ელიფსური, წაგრძელებულ-ოვალური, ქლიავისებრი და მსხლისებრი. ნაყოფი წითელი, ვარდისფერი და სხვადასხვა ინტენსივობის ყვითელი ფერისაა, მისი მასაა 20-დან 900გ-მდე და მეტიც. სიმწიფეში შედის აღმოცენებიდან
80-140 დღეში.
ნაყოფი შეიცავს (%-ობით): მშრალ ნივთიერებას
4,5-8,1, მათ
შორის შაქარს (მონოზებს) 50%, ორგანულ მჟავებს
3,5-8,5, ცელულოზას
0,87-1,7, პექტინოვან
ნივთიერებას
0,13-0,23 და
სხვა, აგრეთვე ნატრიუმს, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, სპილენძს, ფოსფორს, გოგირდს, ქლორს, მანგანუმს, B1,
B2, PP, C ვიტამინებს,
კაროტინს და სხვა ნივთიერებებს. იყენებენ კულინარიაში ნედლად და გადამუშავებულს.
პომიდორი სითბოს მოყვარულია, შედარებით გვალვაგამძლე, მაგრამ ზრდის ფაზაში წყლის ნაკლებობას ძნელად ეგუება. მისი ზრდაგანვითარებოსათვის
ოპტიმალური
ტემპერატურაა
20-25°C. აღმონაცენი
— 1°C-ზე იღუპება. მოჰყავთ თითქმის ყველანაირ ნიადაგზე, რომლის pH (მჟავიანობა)
4,5-ზე დაბალი არ არის. კარგ მოსავალს იძლევა სტრუქტურულ და ნოყიერ ნიადაგზე. სინათლის მოყვარულია, ჩრდილში ვერ ხარობს. მოჰყავთ ღია გრუნტზე და სათბურში. მრავლდება თესლით და ჩითილით. ჩითილი გამოჰყავთ სათბურში, კვალსათბურებში,
გამჭვირვალე
ფირის საფარქვეშ და სხვა ადგილებზე. ღია გრუნტზე ჩითილს რგავენ მწკრივად, თესავენ (სამხრეთ რაიონებში) კვადრატულ-ბუდობრივად ან ფართომწკრივად. საქართველოში ბოსტნის ფართობის 40%-ს აღემატება. მცენარე საჭიროებს ნიადაგის სისტემატურ გაფხვიერებას, მიწის შემოყრას, კვებას, სარეველების მოსპობას, რწყვას, ბუჩქის ფორმირებას (ჩრდილოეთ რაიონებში), მავნებლებ-დაავადებებისაგან
დაცვას და სხვა. ნაყოფს კრეფენ 4-5 დღეში ერთხელ. პომიდვრის დაავადებები: მაკროსპორიოზი, სეპტორიოზი, ფიტოფთოროზი, ფოთლის მურა ლაქიანობა, წვერის სიდამპლე, ქაჩალა, სტრიკი და სხვა დაავადებები. მავნებლებო — მავთულა ჭია, მახრა, ხვატარი, გალებიანი ნემატოდა, ბამბის ბუგრი, ფრთათერა (სათბურში) და სხვა მავნებლები. მათ წინააღმდეგ ბრძოლა ითვალისწინებს სხვადასხვა ქიმიური პრეპარატის შესხურება-შეფრქვევას; თესლის შეწამვლას; სათბურებისა და კვალსათბურების დეზინფექციას, კულტურათა მორიგეობას, თესლის აღებას საღი მცენარიდან და სხვა.
წყარო:
ka.wikipedia.org
|