პიტნა
პიტნა (ლათ. Mentha), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. საქართველოში ველურად იზრდება მხოლოდ 4 სახეობა:
- ომბალო (Mentha pulegium),
- მინდვრის პიტნა (Mentha arvenis),
- წყლის პიტნა (Mentha aquatica),
- ტყის პიტნა (Mentha longifolia).
რაც შეეხება ბაღის პიტნას - Mentha piperita L. იგი ველური ფორმით არ არსებობს, მაგრამ საქართველოში ხშირად გვხვდება გაველურებული. ბაღის პიტნას, რუსულის გავლენით (Мята перечная) პილპილა პიტნასაც უწოდებენ. ჩვენ ზოგჯერ ვიყენებთ ამ დასახელებას, რადგან ,,ბაღის პიტნას" ხშირად ხალხი უწოდებს არა სახეობას, არამედ ბაღში ნაზარდ პიტნას, ველურისაგან განსხვავებით და ამან კონსულტაციებისას ტერმინთა აღრევა გამოიწვია.. გვხვდება კიდევ ერთი ტერმინი ,,ინგლისური პიტნა". მას იყენებენ ,,ბაღის პიტნის" სინონიმად, რადგან ,,ბაღის პიტნა" ინგლისში შეიქმნა. ამავე დროს, ,,ინგლისური პიტნა" ქვია ,,ბაღის პიტნის" ერთ-ერთ ჯიშს. ცალკე უნდა აღინიშნოს ომბალო - Mentha pulegium L. იგი ტუჩოსანთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ოდნავ შებუსული, 50 სანტიმეტრამდე სიმაღლის, სწორმდგომი ღერო აქვს. ფოთლები მომრგვალო ან მომრგვალო-ელიფსური. ომბალოს სამშობლოა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები. კულტურაში ყველგან გვხვდება. საქართველოში კულტურაში საკმაოდ პოპულარულია, ველური ფორმები გვხვდება პრაქტიკულად ყველა რაიონში. შეიცავს ეთერზეთებს. კრეფენ ყვავილობისას, როცა მათი რაოდენობა მაქსიმუმს აღწევს. მრავლდება თესლითა და ვეგეტატიურად. ამჯობინებს ჭარბტენიან ნიადაგებს. ყინვაგამძლეა; კულინარიაში იყენებენ ნედლად და გამხმარს. ომბალოს ეთეროვანს ზეთში ძირითადია კეტონი პულეგონის (60-70%), რომელიც შესაბამისი რეაქციებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს მენთოლში. (იზოპროპილური ჯგუფის უჯერი კავშირის ჰიდრირებისა და კეტოჯგუფის აღდგენის შემდეგ. ჩვენ საუბარი ქვემოთ, მხოლოდ ბაღის პიტანაზე Mentha piperita L. გვაქვს. იგი ოფიცინალური და ბაზარზე ყველაზე მეტად კოტირებადი სახეობაა. ბაღის პიტნა მიეკუთვნება ტუჩოსანთა ოჯახს (Lamiaceae). იგი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. იზრდება 50-100 სმ-მდე. მისი მიწისქვეშა ნაწილი ფესურაა. ფესურა მსხვილია, ჰორიზონტალური, დატოტვილი. მისი კვანძებიდან გამოდის მრავალი წვრილი ფესვი. ღერო სწორმდგომი და ოთხწახნაგოვანი აქვს, რომელიც ფუძესთან დატოტვილია. უხვადაა შეფოთლილი, მცირებ შებუსული. ღეროზე ფოთლები ჯვარედინ-მოპირისპირედაა განლაგებული. ფოთლების ფორმა იცვლება კვერცხისებურიდან ლანცეტისებურამდე. მათი ქვედა ნაწილი უფრო ღია შეფერილობისაა, ვიდრე ზედა. ფოთლები და ღეროც დაფარულია ბუსუსებით. ბაღის პიტნის ყვავილები წვრილი, არათანაბრად ორტუჩა, ხუთწევრიანი, მოვადრისფრო-იისფერია, რომლებიც ყლორტების წვეროებზე თავთავისებრ ყვავილედშია განლაგებული. გვირგვინი ჯამშია ჩამალული, ხახასთან გაფართოებულია, მტვრიანა ოთხია, თანაბარი ზომის, . თანაყვავილები ვიწროა, წვრილლანცეტა ფორმის. მცენარე ყვავილობს ივლის-აგვისტოში. ბაღის პიტნა ბუნებაში ველურად არ იზრდება, იგი ჰიბრიდია. ვარაუდებენ, რომ ს XVI ს-ში გამოიყვანეს ინგლისში წყლის პიტნისა - Mentha aquatica L. და მწვანე პიტნის - Mentha viridis L. შეჯვარებით. ინგლისიდან იგი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. საქართველოში მისიონერების შემოტანილი ჩანს, რადგან ხალხში ძველად ფრანგულა პიტნასაც ეძახდნენ. დღეისათვის ბაღის პიტნის ასეულობით ჯიში არსებობს. ჯიშები გამოყვანილია ძალიან სპეციფიკური, ვიწრო ნიშებისათვის. მაგალითად, საღეჭი რეზინისათვის. ჯიშების კლასიფიკაცია საკმაოდ რთულია. პირობითად ისინი შეიძლება დაიყოს ეთანოლის მაღალ შემცველობის და ანტოციანების მაღალი შემცველობის. ეს ორი ჯგუფი ერთმანეთისაგან მცენარის ფერითაც განსხვავდება. პიტნა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამრეწველო კულტურაა. საერთაშორისო ბაზარზე ყოველთვის ფასობდა ინგლისური, ინდური, იტალიური, ფრანგული, იაპონური ნედლეული. საქართველოში, ნედლი მოხამრებისათვის, ბაღის პიტნა მრავალი საუკუნეა ფართოდაა გავრცელებული. სამრეწველო პლანტაციები, ეთერზეთების წარმოებისათვის მე-20 საუკუნის 60-იან წლებში გაშენდა. ამჟამად ისინი აღარაა. თანამედროვე ჯიშებითა და ტექნოლოგიებით პიტნის გაშენება საქართველოში პერსპექტიულია. იგი კარგად იხარებს ზღვისპირეთში, მაგრამ წარმატებული პლანტაციების გაშენება შეიძლება აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ სოფელში (სარწყავ მიწებზე). ოფიცინალური ნედლეულია ბაღის პიტნის ფოთოლი - Folium Menthae piperitae. პიტნა შეიცავს ეთერზეთს; ყვავილებში ეთერზეთის შემცველობა 4-6%, ფოთლებში 2,5%-მდე. ღეროებში ეთერზეთი თითქმის არ არის. პიტნის ეთერზეთში 100-ზე მეტი კომპონენტია გამოვლენილი. ძირითადი კომპონენტია: იზომენთოლაცეტატი, კეტონი მენთონი 910-30%), მენთოლი (50-80%), მენთოფურანი, ნეოიზომენთოლაცეტატი, პულეგონი. გამოვლენილია :l-ლიმონენი (ტერპენების ჯგუფი) , α- და β-პინენი (ტერპენების ჯგუფი), α-ფელანდრენი (ტერპენების ჯგუფი), γ-ტერპინენი (ტერპენების ჯგუფი), აკაცეტინი (ფლავონოიდი), ანთოციანები, აპიგენინი (ფლავონოიდი), კაროტინოიდები, ლუტეოლინის 7-α-L-რამნოზიდ-β-D-გლუკოპირანოზიდი (ფლავონოიდი), ლუტეოლინის 7-რუტინოზიდი (ფლავონოიდი), მთრთილავი ნივთიერებები, ნახშირწყლები, ოლეანოლის მჟავა, პესპერიდინი (ფლავონოიდი), საბინენი (ტერპენების ჯგუფი), საპონინები, ურსოლის მჟავა ,,ფენოლკარბონის მჟავები, ქრომონები, ციმაროზიდი (ფლავონოიდი). მოჰყავს საქართველოში მიღებული ზეთის მაჩვენებლები: ,,გამჭირვალე, ადვილადმოძრავი სითხეა, უფერული ან ოდნავმოყვითალო ფერის; ხვ. წონა 200C 0,9180 ბრუნვის კუთხე 15011/" გარდატეხის მაჩვენებელი 1, 4650, მჟავობის რიცხვი 5,63; მენთოლის შემცველობა 41,20%.". საერთაშორისო ბაზარზე სარეალიზაციო მაჩვენებლების მქონე პიტნის მოყვანა მარტივი არაა. საქართველოში პიტნა ბევრგან ხარობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველგან მოხერხდება კეთილხარისხოვანი ნედლეულის მიღება. ნიადაგი და კლიმატი პირდაპირ გავლენას ახდენს მცენარის განვითარებაზე და ფოთლების მოსავლიანობაზე, ეთერზეთების გამოსავლიანობასა და ხარისხზე. პიტნის საწარმოო მნიშვნელობით კულტივირებისათვის, სასურველია ისეთი რეგიონების შერჩევა, სადაც მცენარის ვეგეტაციის პერიოდის მანძილზე, მზიანი დღეების რაოდენობა სჭარბობს ღრუბლიანს. ამასთან, მაღალი უნდა იყოს ჰაერის საშუალო ტემპერატურა. პიტნა სინათლის მოყვარული მცენარეა. იგი ინტენსიურად ვითარდება გრძელი დღის პერიოდში. საქართველოს უმეტეს რაიონებში პიტნისათვის ყინვები საშიში არ არის. იგი ყინვებს კარგად უძლებს (ნიადაგის გამყინვარება -80C; ჰაერის ტემპერატურა -200C). ჭარბი ნესტი ცუდად აისახება მოსავლის ოდენობასა და ხარისხზე. პიტნის კულტურისათვის საუკეთესო წინამორბედად ითვლება საშემოდგომო ხორბალი, აგრეთვე სხვა თავთავიანი კულტურები, რომლებიც ნიადაგს ტოვებენ სარეველებისაგან გაწმენდილ, ფხვიერ და ნესტიან მდგომარეობაში. გარდა საშემოდგომო ხორბლისა, წინამორბედ კულტურად დასაშვებია ბოსტნეული კულტურებიც. წინამორბედი კულტურის აღების შემდეგ, ნიადაგი უნდა მოიხნას 25-28 სმ სიღრმეზე. თუ წინამორბედი სათოხნი კულტურა იყო, საკმარისია 22-25 სმ სიღრმეზე მოხვნაც. საშემოდგომო დარგვისას მოხვნის შემდეგ ატარებენ ნიადაგის კულტივაციას 10 სმ სიღრმეზე, საჭიროებისას დაფარცხავენ. საგაზაფხულო დარგვისას ნიადაგს მზრალად მოხვნის შემდეგ გაზაფხულზე ჩაუტარებენ კულტივაციას შემდგომი დაფარცხვით. პიტნა განსაკუთრებით მომთხოვნია ნიადაგის ორგანული სასუქით განოყიერებისადმი, ამიტომ აუცილებელია ნაკელის შეტანა. ჯობია ნაკელი შეტანილ იქნეს წინამორბედი კულტურის დროს, ჰექტარზე 40 ტონის ოდენობით. პიტნის დარგვის წინ შეიძლება დამატებით შევიტანოთ 15-20 ტონა ნაკელი. თუკი წინამორბედი კულტურის დროს ნიადაგი ნაკელით განოყიერებული არ იყო, შეტანილ უნდა იქნეს 1 ჰა-ზე 40 ტონა ნაკელი. ბაღის პიტნა წარმოადგენს ორი სახეობის Mentha aquatica L. და M. viridis L. სახეობების ნაჯვარს. მისი ყვავილების უმეტესობა სტერილურია, ამიტომ გამრავლების ერთადერთი საწარმოო მეთოდი ვეგეტაციური, ფესურით გამრავლებაა. ფესურებს რგავენ შემოდგომაზე ან გაზაფხულზე. გაზაფხულზე ფესურა რაც შეიძლება ადრე უნდა დაირგას, რათა ნესტიან ნიადაგში მოხვდეს. დასარგავად ვარგისია შემოდგომით შეგროვებული ფესურები. უპირატესობა ენიჭება საშემოდგომო დარგვას. საშემოდგომო ნარგავის ვეგეტაციის პერიოდი უფრო ხანგრძლივია. მას ნიადაგისა და კლიმატის მხრივ განვითარების უკეთესი პირობები ექმნება. ეს საშუალებას იძლევა ნედლეული ორჯერ იქნეს აღებული და საშუალოდ 20%-ით მეტი მოსავალი მივიღოთ. საშემოდგომო დარგვა მოხერხებულია იმითაც, რომ საჭირო აღარ ხდება სარგავი მასალის შენახვა. შემოდგომით პიტნა უნდა დაირგას ყინვების დადგომამდე, მას შემდეგ, რაც მცენარე განვითარებას შეწყვეტს. საქართველოს უმეტესი რაიონებისათვის ასეთი პერიოდია ოქტომბრის ბოლო, ნოემბრის დასაწყისი. პიტნის დასარგავად უმჯობესია ბუდეები წინასწარ მომზადდეს. ბედეებს ერთმანეთისაგან 60-70 სმ-ით აშორებენ. უფრო მჭიდროდ დარგვის შემთხვევაში მცენარეები ერთმანეთს ჩრდილავს, რაც ამცირებს მასში ეთერზეთების რაოდენობას. ბუდეების სიღრმე 8-10 სანტიმეტრი უნდა იყოს. ბუდის ძირში ჩაალაგებენ პიტნის ფესურას და დაამაგრებენ. 1 ჰექტარი პლანტაციის გასაშენებლად საჭიროა 1,5-2 ტონა ფესურა. პიტნის პლანტაციის მოვლა ადრე გაზაფხულზე, ამონაყარის გამოჩენამდე იწყება. ნიადაგი მუდმივად ფხვიერი და სარეველებისაგან გაწმენდილი უნდა იყოს. ვეგეტაციის პერიოდში რიგთაშორისის დამუშავება 4-5-ჯერ, ხოლო რიგებში დამუშავება 3-4-ჯერ ტარდება. რიგთაშორისები მუშავდება 10-12 სმ-ის სიღრმეზე. ნიადაგში დამატებითი მინერალური სასუქების შეტანა ზრდის პიტნის მოსავლიანობას. ყველაზე ეფექტურია აზოტოვანი - ამონიუმის გვარჯილის შეტანა. რიგი ავტორების მონაცემებით იგი ეთერზეთის ხარისხზე მავნე ზეგავლენას არ ახდენს. ზოგიერთი ავტორი გვირჩევს ამონიუმის გვარჯილა რამდენჯერმე შევიტანოთ პლანტაციაში:
ა) ვეგეტაციის დასაწყისში, ჰექტარზე 85 კგ;
ბ) მესამე-მეოთხე ტოტის წარმოქმნისას, ჰექტარზე 145 კგ;
გ) ბუტონიზაციის დასაწყისში, ჰექტარზე 115 კგ.
მინერალური სასუქების შეტანის მიზანშეწონილობა უნდა დაზუსტდეს შემსყიდველთან.ნიადაგის სინესტის ოპტიმალური რეჟიმის დაცვით, პიტნის მოსავალი შეიძლება მნიშვნელოვნად გავზარდოთ. პიტნისათვის ნიადაგის გადაჭარბებული სინესტე დამთრგუნველია, ორგანული ნივთიერებებით ღარიბი ნიადაგები შედარებით ხშირად უნდა მოირწყას. პლანტაცია ნესტისადმი განსაკუთრებით მომთხოვნია ბუტონიზაციის დაწყებიდან ფოთლების შეგროვებამდე პერიოდში. ამ პერიოდის მცენარეს ფოთლების მაქსიმალური ზედაპირი აქვს და ყველაზე მეტ წყალს აორთქლებს, რასაც ხელს უწყობს მაღალი ტემპერატურა და იშვიათი ნალექები (ამ პერიოდში 1 ჰექტარიდან 40 ლ წყალი ორთქლდება). ეს პერიოდი კალენდარულად ივლისის დასაწყისიდან აგვისტოს ბოლომდე პერიოდს ემთხვევა. თუ აღნიშნულ პერიოდსა და საერთოდ, ვეგეტაციის პერიოდში ნალექები ზომიერად იყო, ვეგეტაციის პერიოდში პლანტაციის სამჯერ მორწყვა საკმარისია. ხანგრძლივი მშრალი ამინდის პირობებში მორწყვა 6-7-ჯერ ხდება საჭირო. გვალვიან პერიოდში მცენარეს ბუტონიზაციის პერიოდში ორჯერ, და ბუტონიზაციის დაწყებიდან მოსავლის აღებამდე პერიოდში ოთხჯერ რწყავენ. ზომიერად ნალექებიან წელს კი _ ორჯერ ბუტონიზაციის პერიოდში, ორჯერ ბუტონიზაციიდან მოსავლის აღებამდე. სასურველია პლანტაცია ნედლეულის აღების შემდეგაც მოირწყას (1-2-ჯერ).
პლანტაციის მოსარწყავად სამ მეთოდს იყენებენ:
ა) შესხურებითი მორწყვა; ეს მეთოდი ნაკლებ ეფექტურად და ეკონომიკურად ძვირად ითვლება.
ბ) გრუნტის წყლების აწევით; ეს მეთოდი გამოიყენება იქ, სადაც დამშრობი არხებია. დამშრობი არხების გადაკეტვით ახდენენ გრუნტის წყლების დონის აწევას. ამ დროს გრუნტის წყლები ნიადაგს ასველებს. ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ საჭიროა გამოცდილება, რათა არ მოხდეს ნიადაგის ზედმეტად დანესტიანება.
გ) მორწყვა არხიდან; ამ დროს პლანტაციაში მიყვანილ არხიდან პატარა რუებს მიუშვებენ მთელ ნაკვეთზე. მორწყვის ეს მეთოდი ყველაზე გავრცელებული და მომგებიანია.
ნაკვეთები უნდა მოირწყას დილით ან საღამოს. მორწყვათა შორის პერიოდი თხუთმეტ დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს. საქართველოს ბევრ რაიონში პიტნის მოსავლის მიღება მოურწყველადაც შეიძლება. მორწყვის მეთოდიკაზე დეტალურად იმიტომ შევჩერდით, რომ მორწყვის ოპტიმალური რეჟიმის დაცვით, მოსავლის ოდენობა 60%-ით შეიძლება გავზარდოთ. ნიადაგის ჭარბი ნესტისა და ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებში მცენარეს აზიანებს პიტნის ჟანგა, რომლის გამომწვევია Puccinia menthae, აგრეთვე ვირუსი, რომელიც იწვევს ფოთლის დეფორმაციას. მავნებლებიდან პიტნას აზიანებენ ტკიპები (Eriophyes menthae) და ხოჭო პიტნის ხარაბუზა (Phytoecta virgula). დაავადებათა და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში წამყვანი ადგილი უჭირავს აგროტექნიკური ღონისძიებების დროულად და სწორად ჩატარებას. ეს ღონისძიებებია: თესლბრუნვაში პიტნის ადგილისა და პლანტაციის ასაკის ოპტიმალური განსაზღვრა, ნიადაგის სწორად შერჩევა და მომზადება, ჯანსაღი სარგავი მასალის შერჩევა, დარგვისას რიგთაშორის რეკომენდირებული მანძილის დაცვა. დაავადებებისა და მავნებლების გავრცელების შემთხვევაში, ერთი და იგივე ადგილზე პლანტაციის 2 წელზე მეტად გაჩერება რეკომენდებული არაა. იგივე ადგილს შეგვიძლია მივუბრუნდეთ 3 წლის შემდეგ. დაავადებათა გამომწვევები და მავნებლები მნიშვნელოვნად აზიანებენ მცენარეს, რაც გარეგნულადაც იოლი შესამჩნევია - ფოთლები დეფორმირებულია, ზოგ შემთხვევაში ვეღარ ასწრებს ყვავილობას, მცენარე აჩერებს ნორმალურ განვითარებას. მცირდება მწვანე მასის მოსავალი, ზეთის გამოსავლიანობა და უარესდება ზეთის ხარისხი. მავნებლებთან და დაავადებების გამომწვევებთან ბრძოლის ღონისძიებებიდან ზოგიერთ ავტორს რეკომენდებული აქვს თიოფოსფოროვანი პრეპარატების შესხურება და შეფრქვევა. შეწამლვა საჭიროა დაავადების ნიშნების შემჩნევისთანავე 8-10 დღის შუალედით 3-4-ჯერ. დაავადებათა გამომწვევი მოზამთრე სპორების წინააღმდეგ მიმართავენ სარგავი მასალის წინასწარ დამუშავებას გოგირდის პრეპარატის 0,6-1%-იანი ხსნარით 10 წთ-ის განმავლობაში. საგაზაფხულო დარგვისას შესაძლებელია სარგავი მასალის დამუშავება ბორდოს ხსნარით. გვინდა აღვნიშნოთ, რომ დაავადებებთან ბრძოლის საკითხები დამუშავებას მოითხოვს. ჩვენ იმედი გვაქვს ახალ გამოცემაში მკითხველს უფრო დაწვრილებით ინფორმაციას მივაწვდით. ედლეულს აგროვებენ მცენარის ყვავილობის დროს. პიტნის ფოთლები მოგრძო უკუკვერცხისებრი ან ლანცეტა ფორმისაა, მოკლე ყუნწით, თანაბრად დაკბილული კიდეებით. ფოთლის დაძარღვის სიახლოვეს ფოთლები მეჩხერი ბუსუსებითაა მოფენილი. ნედლეული მძაფრი, სასიამოვნო სუნისაა, მშუშხავი, გამაგრილებელი გემოთი. კეთილხარისხოვან ნედლეულში ეთერზეთების შემცველობა 1%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ნედლეულის ფასი მით უფრო მაღალია, რაც მეტ ეთერზეთებს შეიცავს იგი. საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულად ითვლება პიტნის ზეთიც, რომელსაც პიტნის ფოთლებისაგან ამზადებენ. პიტნის ზეთი უფერო, მშუშხავი გამაგრილებელი გემოსი და პიტნის სუნის მქონე სითხეა. მასში თავისუფალი მენთოლის შემცველობა 46%-მდეა. პიტნის მოსავალს აგროვებენ ყვავილობის დროს - მას შემდეგ, რაც პლანტაციის 50% ყვავილობის ფაზაში შევა. ამ დროს პიტნის ფოთლები ყველაზე დიდი ზომისაა და შეგროვებული ნედლეულიდან მიღებული პიტნის ზეთიც ყველაზე მაღალხარისხიანია. ნედლეულის შეგროვების დაგვიანება ამცირებს მოსავლიანობასაც და ზეთის ხარისხსაც. ყვავილობის შემდგომ ფაზაში ფოთლები ზომით აღარ მატულობს, ფოთლებში იწყება ჟანგვითი პროცესები, რაც იწვევს პიტნის ზეთის გაფისიანებასა და აქროლებას, მცირდება თავისუფალი მენთოლის შემცველობა, ფოთლებიც თანდათან ჩამოცვენას იწყებენ. თუ პლანტაციის სიახლოვეს პიტნის ზეთის გამოხდის საშუალება არსებობს, ნედლეულის აღების ოპტიმალური ვადის დადგენისათვის ატარებენ ცდას სინჯში მენთოლის შემცველობის განსასაზღვრავად: ასეთ დროს ნედლეულის შეგროვება შესაძლებელია თუ სხვადასხვა ადგილიდან აღებულ 50 კგ ნედლეულის გადამუშავების შედეგად მიღებულ ზეთში მენთოლის შემცველობა 45%-ზე ნაკლები არ არის. პიტნის ფოთლებში ეთერზეთის დაგროვების სადღეღამისო დინამიკის გათვალისწინებით შეგროვების ოპტიმალურ დროდ ითვლება 1000 - 1400 სთ-მდე პერიოდი. ნედლეულს იღებენ მშრალ-წყნარ, მზიან ამინდში. მოსავლის აღების წინ ნიადაგის მორწყვა დაუშვებელია, ვინაიდან ნიადაგის ტენიანობა ზრდის ფოთლებში ტენის პროცენტს, რაც ამცირებს ზეთის გამოსავლიანობას. შესაძლებლობის შემთხვევაში, მოსავლის აღებამდე 12 საათით ადრე ნიადაგი უნდა გამოვაშროთ, მაგალითად საგუბრების გაშვებით დავწიოთ გრუნტის წყლების დონე. პიტნის ნედლეულის შესაგროვებლად მცენარის მიწისზედა ნაწილს (ანუ როგორც უწოდებენ - ბალახს) მთლიანად ჭრიან. მოსავლის აღება შესაძლებელია როგორც ნამგლით, ასევე კომბაინით. თუკი ნედლეული ახლომდებარე ქარხანაში ზეთის გამოსახდელადაა გათვალისწინებული, მისი გამოშრობა საჭირო არაა, ეთერზეთის გამოხდა შეიძლება მოსავლის აღებიდან 24-48 საათის შემდეგ. ამ ვადაში ნედლეული ქარხანას უნდა მიეწოდოს. სხვა შემთხვევაში საჭიროა ნედლეულის გამოშრობა. ნედლეულს აშრობენ ფარდულში, თხელ ფენებად. შრობის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 350C. ზეთის მიღება შესაძლებელია გამხმარი ფოთლებიდანაც. საბჭოთა კავშირის პერიოდში, მეურნეობების მოსავლის ოდენობის განსაზღვრისას ცხრილში მოტანილი ციფრებით მანიპულირებდნენ. დასავლური მონაცემები უფრო მაღალია (ცხრილში გრაფა ,,დასავლ"), ვიდრე საბჭოთა (ცხრილში გრაფა ,,საბჭ"). საცდელ მცირე ნაკვეთზე მიღებული შედეგები მოცემულია გრაფაში ,,ცდა". საერთოდ, პიტნის მოსავალი დიდადაა დამოკიდებული გარემო პირობებსა და მოვლაზე. ჩვენ საცდელ ნაკვეთში პიტნისათვის მაინცდამაინც ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები არ იყო. პიტნის სარგავ მასალად ითვლება ფესურა. სარგავ მასალას იღებენ ერთწლიანი პლანტაციიდან. ფესურას ამოთხრიან კარტოფილის ამოსაღებით ან მექანიზებულად ბოსტნეული ბოლქვის ამოსაღები ტრაქტორით. მექანიზებულად შეგროვებისას სარგავი მასალის დანაკარგი თითქმის 4-ჯერ ნაკლებია. სარგავი მასალის სიგრძე 10-18 სმ სიგრძისაა. ნიადაგიდან ამოღებულ სარგავ მასალას უქარო ჩრდილიან ადგილას მოაგროვებენ, გადაარჩევენ და დაახარისხებენ. დაუშვებელია მავნებლებითa და დაავადების გამომწვევით დაზიანების ნიშნებიანი მცენარის დატოვება სარგავ მასალაში. 1 ჰექტარი ფართის პლანტაციიდან შესაძლებელია სულ ცოტა 4 ტონა სარგავი მასალის შეგროვება. სარეალიზაციოდ გამიზნული სარგავი მასალის რეალიზება სწრაფად უნდა მოხდეს. პიტნას და მის ზეთს მედიცინის გარდა მრავალი დარგი იყენებს. ფართოდ გამოიყენება იგი კულინარიასა და კვების მრეწველობაში. ამიტომ, სწორი მარკეტინგის შემთხვევაში, პიტნის რეალიზაცია წარმატებით შეიძლება. განსაკუთრებით პერსპექტიულია პიტნის კულტივირება იქ, სადაც პიტნის ზეთის მიღების შესაძლებლობა არსებობს. ოფიცინალური მედიცინა ცნობს ბაღის პიტნის სპაზმოლიზური და ნაღვლისდამდენ, ასევე დამაშვიდებელ თვისებებს. იგი შედის მრავალი ნაკრებისა და პრეპარატის შემდგენლობაში. შედის ყველა ქვეყნის ფარმაკოპეაში. ოფიცინალური სახეობის გარდა ემპირიული მედიცინა იყენებს ომბალოს, წყლის, მინდვრისა და ტყის პიტნებს. პიტნა ხალხურ მედიცინაში ერთ-ერთი უძველესი სამკურნალო მცენარეა. დავით ბატონიშვილი ,,იადიგარ დაუდში" არა ერთ ადგილას მოიხსენიებს მას. მოვიყვანთ რამდენიმე ციტატას: ,,ვინცა პიტნის წყალი გამოჰხადოს და ქაფურითა გააყენოს და შუბლზედა დაიდვას, მაშინვე ცხვირსა სისხლი დასწყუიტოს". ,,ვინც თბილ-თბილი პიტნისა ან კაპრის წვენი ყურშიგა ჩაიწუროს, თუ მატლი და ჭია უქლეს, მოკლას და ტკივილი უშველოს, და სისხლისა და ბალღამსა გამოსწმენდს".პიტნა და პიტნის ეთერზეთის შემადგენელი მენთოლისაგან დამზადებული პრეპარატები ფართოდ გამოიყენება თანამედროვე მედიცინაში. მას უნიშნავენ გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების დროს. პიტნის მენთოლი და მისგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება სტენოკარდიული ტკივილების, სპაზმების, მეტეორიზმის დროს. მენთოლი გამოიყენება კბილის საწმენდი პასტებისა და ფხვნილების წარმოებაში. პიტნისაგან დამზადებულ პიტნის წყალს (Aqua Menthae) გააჩნია სადეზინფექციო თვისება. პიტნის ზეთი შედის პრეპარატ ,,ოლიმეტინის" შემადგენლობაში, რომელიც გამოიყენება ნაღვლკენჭოვანი და შარდკენჭოვანი დაავადებების დროს. აგრეთვე იგივე დანიშნულების პრეპარატ ,,ენატინის" შემადგენლობაში.
მენთოლისაგან ამზადებენ:
1) სპირტოვან ხსნარებს გარეგანი დანიშნულებისათვის, დერმატოზების, 2) მიალგიების, ნევრალგიების დროს;
2) მალამო ეფკამონს, რომელიც იგივე დანიშნულებისაა;
3) ანესთეზოლის სანთლებს.
გარდა სამედიცინო დანიშნულებისა, პიტნა გამოიყენებას პოულობს კვების, საპარფიუმერიო წარმოებაში. ყველასათვის ცნობილია პიტნის ადგილი ქართულ სამზარეულოში - ნადუღი პიტნით, პიტნაში გადაზელილი ყველი, პიტნის ლიქიორი. პიტნა არც ევროპული სამზარეულოსათვისაა უცხო. პიტნის ფოთლებისაგან მიღებული სანელებლები პოპულარობით სარგებლობს ინგლისურ, ამერიკულ, ფრანგულ, არაბულ, იტალიურ, ესპანურ სამზარეულოში. მას იყენებენ ცხვრის ხორცისაგან მომზადებულ სპეციალურ სოუსებში, ტომატის წვენებში. ზოგიერთი ქვეყნის კულინარიული ტრადიცია თვლის, რომ პიტნის არომატი განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის სალათებისა და შემწვარი ხორცის კერძებს. პიტნის ნედლი ყლორტები კარგ სანელებლად ითვლება სუპებისათვის. ბევრ ქვეყანაში ბაღის პიტნის სანელებლები სუფრაზე პირდაპირ მიაქვთ (Шедо. Крейча). ფრიად პოპულარულია მენთოლიანი საღეჭი რეზინა. ბაღის პიტნის გამოყენების ფართო არეალი საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ მისი მარკეტინგული პერსპექტივა.
წყარო: medgeo.net
|