კალანდობა გურიაში
კალანდა ანუ იგივე კალანდრა, კალნდობა- სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით წლის თავს, ახალწელიწადს ნიშნავს. გურულები განსაკუთრებულად ხვდებოდნენ კალანდას. ოთახს ამშვენებდა კურკანტელას მარცვლებითა და ფოჩიანი კანფეტებით დამშვენებული ჩიჩილაკი, რომელსაც გურული კაცი თხილის ნედლი შტოდან თლიდა. ჩიჩილაკს "ქართულ ნაძვის ხესაც"უწოდებენ. ეს იყო რიტუალური საგანი, რომელსაც საახალწლოდ სპეციალურად ამზადებდნენ. ის ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. ჩიჩილაკი ახალი წლის სიმბოლოა. წინათ გურიასა და იმერეთში ახალი წლის დღეებში ყველა ცდილობდა თავის ოჯახში ჩიჩილაკი დაედგა. არსებობდა ჩიჩილაკის რამდენიმე სახეობა, რომელთაგან ყველაზე გავრცელებული გურული ჩიჩილაკია. ხვათა შორის, იმერეთში ჩიჩილაკს ენდროთიც ღებავდნენ. "ქართული ნაძვის ხე"ასე მზადდება: ახალ წლამდე ორი კვირით ადრე მოჭრიან თხილის გრძელ ჯოხს და წყალში ალბობდნენ. ახალი წლის წინა ღამეს ცეცხლზე ქერქს დაბრაწავენ (ადრე ამას კერიის შუაცეცხლზე აკეთებდნენ), მერე კანს აცლიან, თლიან და ცოტა ხანში მზად არის თოვლივით თეთრი ჩიჩილაკი, რომელსაც ჩირითა და სუროს ტოტებით რთავდნენ. სასიხარულოა, რომ საქართველოში ჩიჩილაკი სულ უფრო პოპულარული ხდება და მას ახლა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში შეხვდებით ოჯახებში და არა მხოლოდ გურიაში. ჩიჩილაკი წმინდა ბასილის სახელთან არის დაკავშირებული. გურიაში მას "ბასილის ფაფუკ წვერებსაც"ეძახდნენ, საახალწლოდ გამომცხვარ ნამცხვარს კი "ბასილის პურს"უწოდებდნენ. საქმე ის არის, რომ 14 იანვარი წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღე გახლავთ და როგორც ჩანს, ხალხმა ამ ფორმით გამოხატა მოწიწება ამ დიდი წმინდანის მიმართ. ჩიჩილაკს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სადღესასწაულო ხონჩაზე, რომელიც ახალი წლის ღამეს იშლებოდა. ნათლისცემის წინა ღამეს ჩიჩილაკს აუცილებლად წვავდენენ და სჯეროდათ, რომ გასული წლის უსიამოვნებებს მისი ფერფლი წაიღებდა. ალბათ გახსოვთ, ამ ერთი თვის წინ, "საერთაშორისო სკანდალი"გამოიწვია ესტონელ და ლატვიელ მეცნიერებს შორის ატეხილმა დავამ - ტალინში დაიდგა XVI საუკუნეში პირველი ნაძვის ხე, თუ რიგაში. ბალტიისპირელები, დიდი დავა-კამათის შემდეგ შეთანხმდნენ. ქართველებს კი, ჩიჩილაკის "ავტორობაში"კონკურენტი არ გვყავს და შეიძლება ითქვას, რომ ის ევროპულ ნაძვის ხეს ღირსეულ მეტოქეობას უწევს სიძველითაც, თავისი შინაარსიტაც და რაც მთავარია - გარეგნული სილამაზითაც. მაგიური ძალა ჰქონდა ჩიჩილაკს, გადამდები სიხარულით აგავსებდა და ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ მოაშორებდი თურმე. თოვლის პაპაც გვყავდა გურულებს _ თეთრნაბადიანი, თეთრწვერა, ყაბალახიანი ბაბუა, რომელსაც გუდაში ბავშვებისთვის ჩურჩხელები, ნაზუქები, ჩირები, გოზინაყები და ხის თოჯინები ჩაეწყო. ერთი კვირით ადრე ემზადებოდნენ გურიაში კალანდის შესახვედრად. საბა იმასაც ამბობს, კალანდა წლის თავია, 'რომელთა იმძნიანო'. მძნა თავის მხრივ 'ბოროტად დათქმაა' და კარგად მოგეხსენებათ, როგორ იცავდნენ გურულები წინაპართაგან გადმოცემულ ადათ-წესებს. ამიტომ კალანდასაც შესაშური სიუხვით ხვდებოდნენ: იკვლებოდა საკალანდოდ საგანგებოდ გასუქებული ღორი, ქათმები, ინდაური, ბატი თუ იხვი; იზილებოდა ღომი, ცხვებოდა კეცის მჭადები და ჭყინტყველიანი ხაჭაპურები, უტკბილესი ნაზუქები; კეთდებოდა თითებჩასატკვერი საცივი. დედები და ბებიები გადანახულ ჩურჩხელებსა და ჩირებს გამოამზეურებდნენ, ადესისა და კამურის მათრობელა სუნი იგრძნობოდა ჰაერში, ჭურიდან დოქში, დოქიდან თლილ ჭიქებში მირაკრაკებდა ბახუსის გურული სითხე. ეწყობოდა ტაბლა. გურული კაცის მრავალწევრიან თბილ კერას ჭრაქის შუქი ანათებდა. მხიარულად გიზგიზებდა ბუხარი. საქეიფოდ ემზადებოდა ოჯახის თავი. მინიმუმ ათი დღე მაინც არ ეკარებოდა ღვინოს, თავს ინახავდა საკალანდოდ. 12 საათის მოსვლამდე ყველანი ახალ-ახალ ტანსაცმელში გამოეწყობოდნენ, მორთულ-მოკაზმულები გაწყობილ სუფრას შემოუსხდებოდნენ და თითებზე ითვლიდნენ ახალ წლამდე დარჩენილ წამებს. დადგებოდა ეს ნანატრი დრო, გავარდებოდა ფიშტო, აყეფდებოდნენ ეზოს ძაღლები, დაიგუგუნებდა ხასანბეგურა, კრიმანჭულს იტყოდა ვიღაცა და აიწეოდა პირველი ჭიქა გურული გლეხის ოჯახში: მშვიდობას გაუმარჯოს ხალხოო, ღმერთმა სიკეთე და სიუხვე ნუ მოგვაკლოსო, დაილოცებოდა და სტუმრებს დაელოდებოდა.მერე ალილოზე გადადიოდნენ ერთმანეთთან, სიმღერ-სიმღერ, სიმთვრალეშეპარულები ბანცალ-ბანცალ მიუყვებოდნენ კრიმანჭულივით ჩახლართულ შუკებს. იყო გაუთავებელი მილოცვა-დალოცვები, ღვინის სმა და ამდენი სიმღერისგან ქანცგამოცლილ გურულებს სადაც უღამდებოდათ, იქ უთენდებოდათ და ასე გრძელდებოდა შობამდე... ხარობდნენ გურულები, მომავლის იმედითა და ერთმანეთის სიყვარულით ხვდებოდნენ კალანდას, თვრებოდნენ და ისეთი კარგები იყვნენ, მათი შემყურე ქვევრში დამალული ჭინკა გულიანად იცინოდა. გადამდები სიხარულით ავსებდა ადამიანს გურული მაყარივით დიდებულად მორთული ჩიჩილაკი. ფერხვა ბედობის დღეა. ფეხადი ამ დღეს მარცვალს უყრის შინაურ ფრინველს და ზედ აყოლებს:- ასი დედალი, ასი მამალი, ასი მისი მოჩხოროზიო (ანუ სხვაშინაური ფრინველი). 13 შაშვი და 60 კვერცხიანი ღვეზელი თურმე ქრისტეშობის მარხვას ,, დიდი ხორცით" არ გაიხსნილებდნენ გურულები. გურია საშობაოდ ხაციცით ანუ ფრინველთა ხორცით იხსნილებდა- ოჯახის თითო წევრზე თითი ქათამი იკვლებოდა. ნათლულს კი ნათლიასთან 60 კვერცხითგამომცხვარი ღვეზელი მიჰქონდა. ღვეზელის მოსართავ კვერცხებს შუა ცეცხლთან, ჩელტზე აშრობდნენ, რომ არ ჩაშლილიყო. ოთხი კაცის ასაწევ კეცზე ღვეზელთან ერთად მასში ჩარჭობილი ცამეტი შაშვი იწვებოდა. მერე ეს ღვეზელ უზარმაზარ გიდელში გადაინაცვლებდა. მასშივე ჩააწყობდნენ, აგრეთვე, მოხარშულ ინდაურს, დედალს, თაფლს, არაყს, ჯანჯუხას...ოჯახის უფროსი ხელში დოქს დაიღერდა, გიდელს ზურგზე მოიკიდებდა და ნათლულს ნათლიასკენ მიუძღვებოდა...ასეთია ტრადიციულ გურიაში ტრადიციული ახალი წლის სამზადისი და დღესაწაული.
წყარო: რუსუდან სავანელი
|