ბეგქონდარა
ბეგქონდარა
(Thymus), მცენარეთა
გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. 5-50 სმ სიმაღლის ბუჩქბალახებია, იშვიათად - ბუჩქები. აქვს გართხმული ღერო და სწორმდგომი საყვავილე ყლორტები. თეთრი ან ვარდისფერი ყვავილები შეკრებილია თავაკისებრ ან თავთავისებრ ყვავილედად. შეიცავს 400-მდე სახეობას. გავრცელებულია ევროპაში. საქართველოში 17
სახეობაა გავრცელებული, მათგან 14 კავკასიური ენდემია, 2 კი - საქართველოში
(Thymus ladjanuricus, Thymus tiflisiensis); გვხვდება უპირატესად სუბალპურსა და ალპურ, აგრეთვე მთის ქვედა და შუა სარტყელში. იზრდება მშრალ ადგილებში, ღორღიან ფერდობებზე და მინდვრებში, ტყეში დეკას ბუჩქების ახლოს, სილიან, კირიან და კაბჟანიან ნიადაგებზე. ბეგქონდარას მთიან ადგილებში ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა აქვს - იგი პირველი სახლდება გადარეცხილ ნიადაგსა და მოშიშვლებულ გრუნტზე. სურნელოვანი მცენარეა, შეიცავს ეთეროვან ზეთებს, რომლებსაც იყენებენ პარფიუმერიაში, კვების მრეწველობასა და მედიცინაში. სახეობათა უმრავლესობა დეკორატიულია. ბექგონდარას ბალახი შეიცავს ეთერზეთს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ციმოლს და თიმოლს, რომლებიც გამოყოფენ სურნელოვან არომატს. ბეგქონდარას გააჩნია ამოსახველებელი,
ანტიბაქტერიული,
სპაზმოლიზური
მოქმედება,
რაც განპირობებულია ეთერზეთების და ძირითადად თიმოლის თვისებებით. მისგან ამზადებენ პრეპარატ ,,პეტრუსინს",
რომელიც ხველის საწინააღმდეგოდ გამოიყენება. ბეგქონდარას ბალახისაგან მომზადებული წყლიანი გამონაწვილები ეფექტურია გაცივების, ხველების დროს. თიმოლისაგან ამზადებენ კანფეტის ფორმის ანტიბაქტერიული მოქმედების საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების, ანთების, ხველების დროს. თიმოლი შედის აგრეთვე გარეგანი საშუალებების შემადგენლობაში,
რომლებიც გამოიყენებიან დასაზელად რადიკულიტებისა და ნერვის ანთებების დროს. დიდი დოზებით მიღებისას თიმოლს გააჩნია ჭიის საწინააღმდეგო მოქმედება. თიმოლის გამოყენება ზოგიერთ შემთხვევაში (გულის მოქმედების დეკომპენსაციის,
ღვიძლისა და თირკმელების დაავადებები, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, ორსულობის დროს) უკუნაჩვენებია. ხველების წინააღმდეგ ბეგქონდარას ბალახს იყენებენ სხვა სამკურნალო მცენარეებთან კომბინაციაში. ბეგქონდარასაგან
მიღებულ ზეთს ხმარობენ კულინარიაშიც, კბილის პასტების წარმოებაში და სხვა.
წყარო:
ecopharm.sangu.ge
|