არაყი და საქართველო
ბევრს
ჰგონია, რომ ღვინის ქვეყნად სახელდებულ საქართველოში, არაყის დამზადების კულტურა და ტრადიცია ჩვენი ქვეყნის მხოლოდ იმ კუთხეებში არსებობდა, რომლებიც გეოგრაფიული კლიმატის გამო ვაზის ჯიშების სიმცირეს განიცდიდნენ. ასეთ კუთხეებად ასახელებენ: სამეგრელოს, სვანეთს, ქართლისა და კახეთის მთიანეთს. თუმცა, ამ მოსაზრების სიმცდარეში მალევე დარწმუნდებით, თუკი მე-17 საუკუნეში ღვინის ჯიშების სიმრავლით ცნობილ იმერეთში ჩასული რუსი ელჩების ჩანაწერებს წაიკითხავთ. ალკოჰოლთან ოდითგანვე
"დამეგობრებული"
რუსები ამბობენ, რომ იმერეთში განსაკუთრებულად
კარგ არაყს ამზადებენ, თუმცა აქვე იმასაც აღნიშნავენ, რომ "იმერლებს არაყს მაინც ღვინო ურჩევნიათო".
არაყი საქართველოში ყოველთვის ითვლებოდა სასმელად, რომელიც, როგორც ერთ ხალხურ ლექსში ვკითხულობთ:
"ღვინის
ძმა არის, მაგრამ სხვა არის". საქართველოში არყით დათრობა ძველ დროში მაინც და მაინც მიღებული არ იყო. არაყს უფრო მეტად სამკურნალო დანიშნულებით იყენებდნენ. არაყის გამოხდის დიდი ტრადიციებით ცნობილ ფშავშიც კი, მე-19 საუკუნემდე ასეთი ტიპის სასმელს ძირითადად დილით, სამწყემსურში წასვლის წინ სვამდნენ, ან რაიმე დაავადების მკურნალობისათვის.
საქართველოს
თითქმის ყველა კუთხეში არსებობდა არყების განსაკუთრებულად
დაყენების
ტექნოლოგიები
და გამოსახდელად ყველაზე ხშირად იყენებდნენ ანწლს, პანტასა და თქვენ წარმოიდგინეთ, ასკილსაც კი. არყის გამოხდის ძველქართული ტექნოლოგიების დიდი ნაწილი დღეს ან დაკარგულია, ანდა თითო-ოროლა ადამიანმა თუ იცის. გურიაში დღეს თითქმის ყველა ოჯახი ტყემლის არაყს აკეთებს, რომელიც როგორც ექიმები ამბობენ, ჯანმრთელობისათვის
საზიანოა,
მაშინ როდესაც იგივე გურიაში არსებობდა სხვადასხვა ხილისაგან არაყის დამზადების რამდენიმე ტექნოლოგია. ლეგენდარული გურული არაყი სწორედ იმ ძველი ტექნოლოგიებით გამოხდილი არაყია.
წყარო:
avtoradio.ge
|