ალილოობა საქართველოში
ოცდაერთი საუკუნის წინათ, ზამთრის ერთ ბნელ და ცივ ღამეს იშვა მხსნელი ჩვენი და მაცხოვარი - იესო ქრისტე. მისი შობა ასე მოხდა: იმ დროს ისრაელი რომის იმპერიას ჰქონდა დაპყრობილი. იმპერატორმა მოსახლეობის აღწერა განიზრახა, რის გამოც ყველა ადამიანი იმ ქალაქში უნდა აღწერილიყო, საიდანაც იყო წარმოშობით. ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს და მართალ იოსებს მოუწიათ წასვლა დაბა ბეთლემში, საიდანაც წარმოშობით იყო იოსები. ბეთლემში ჩასულებს ყველა სახლი და სასტუმრო დაკავებული დახვდათ, ვერსად იპოვეს თავშესაფარი. მაშინ გავიდნენ დაბიდან და საქონლის ბაგაში შევიდნენ. სწორედ იქ, ბაგაში იშვა მაცხოვარი და ამით გვიქადაგა თავმდაბლობა. ბაგის მახლობლად მწყემსები უცნაური სახილველის მოწმენი გახდნენ. ზეციდან დაეშვა ანგელოზთა გუნდი, რომლებიც გალობდა: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". ანგელოზებმა გაოცებულ მწყემსებს ახარეს: რას დგახართ აქ? დღეს თქვენთვის იშვა მაცხოვარი. და აი, ნახავთ მას ბაგაში თავის დედასთან ერთად. ამის შემდეგ ანგელოზთა გუნდი უჩინო შეიქმნა. მწყემსები სასწრაფოდ გაემართნენ იმ ადგილისაკენ, საითაც ანგელოზებმა მიანიშნეს და იქ, მართლაც, იხილეს უბრალო სახვევებში შეხვეული ჩვილი იესო ყოვლადწმიდა ქალწულის მკლავებში და თაყვანი სცეს მას. შემდეგ კი გახარებულნი დაბრუნდნენ მინდორში და ადიდებდნენ ღმერთს, რომ ასეთი დიდი სასწაულის ხილვის ღირსნი გახადა (ლუკა 2, 8-20). ყოველი შობის ღამეს, ვარსკვლავის გამოჩენისა და ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მოციქულების წინამორბედი, ქრისტეს მახარებელი მწყემსები შორეული წარსულიდან დღემდე მთელს სამყაროს ამცნობენ იმ უდიდესი საიდუმლოს განხორციელებას, რასაც იესო ქრისტეს განკაცება ჰქვია. მწყემსებად გამოწყობილი ჩვენი წინაპარი მამაკაცები, თუ ტყავის ჯუბებში გამოწყობილი ბავშვები, ზოგი კომბლებით, ზოგი ჩირაღდნებით ხელში, ალილოს გალობით, თითოეული თანასოფლელის კარმიდამოს მოივლიდნენ და მოუთმენლად მომლოდინე მასპინძლებს ღვთის სადიდებელს - ალილოს - ხმამაღლა უგალობდნენ: „ალილო და აქა ალილო, ალილო და აქა შობა, ღმერთმა ბევრი გაგითენოთ შობა-ახალწელიწადი. ოცდახუთსა ამთვესაო, ქრისტე იშვა ბეთლემსაო, ჩიტი შემოჯდა ღობესა, იძახის ქრისტეშობასა. ჩვენ მათხოვრები არა ვართ, ვართ ქრისტეს მახარობლები, ალილო და აქა შობა, აქა ალილო" (მესხეთი) „ოცდახუთსა ამ თვესაო, ქრისტე იშვა ბეთლემსაო, თქვენ გვაჩუქეთ გროშებიო, დაგელოცოთ ბოვშვებიო" (სამეგრელო) „ოცდახუთსა და რამდენსა შობა გათენებულაო, შობის მადლი შეგეწიოთ, ქრისტე დაბადებულაო, ეს სახლი ვინ ააშენა, ვინ დახურა მუხის გული? ამშენებლის დედა ცხონდეს, დამხურავის მამის სული „კოშკიდან" გადავიხედე, ერბო გიდგათ ქილებითა, ალათასა, ბალათასა, კვერცხი უნდა კალათასა, აქა ღორი დაკლულიო, ნაყელარი ჩვენიაო, ნასამედი თქვენიაო. პატარძალო ჩვენო ლხინო, მარნის კარი გიჭრიალებს მარნის ქოცო აგვიხადე, ყელი ჩაგვიმაჭრიანე" (კახეთი) შობა- შობა მარიობა, შობის ახალ წელიწადი, ჩვენ ხომ მათხოვრები არ ვართ. ქრისტეს მახარობლები ვართ. ჩიტი შემოჯდა ოლესა, იძახის მარიობასა ღმერთმა ყველა დაგვასწროს აღდგომა –მარიობასა” (რაჭა) მეალილოებს ყველა მოუთმენლად ელოდა, რათა მათგან მოესმინათ სასიხარულო ამბავი, დალოცვა და, რაც მთავარია, ალილო. „ალილო" წარმოებულია ბერძნული სიტყვისაგან „ალილუია", რაც ნიშნავს „აქებდით უფალსა". მეალილო-მგალობლები ე.წ. „ქრისტეს მახარებლები იყვნენ". როდესაც ჩვენში მეალილოები სიმღერას დაასრულებდნენ, მასპინძელი ან შინ შეიპატიჟებდა მათ ან გარეთ გამოუტანდა კვერცხს, სურსათ-სანოვაგეს, რაც გააჩნდა, ზოგჯერ ფულსაც. ზოგან, მაგალითად, თუშეთში მათ საგანგებოდ გამომცხვარი ორი დიდი ქადით „ალილოს კოტორით" უმასპინძლდებოდნენ. მეალილოები ერთს იქვე შეჭამდნენ, მეორეს თან წაიღებდნენ. ალილოობის ბოლოს მეალილოები სადმე იკრიბებოდნენ, ზოგან ბოლო მასპინძლის ოჯახში რჩებოდნენ და ერთად, მხიარულებაში ატარებდნენ ამ ბედნიერ დღეს. ჩვენი წინაპრები ამ საოცარი ამბით, სიხარულითა და ვარსკვლავით განათებულ ღამეში უხვად აჯილდოვებდნენ მეალილოებს ფულით, ფქვილით, ერბოთი, თხილ-კაკლით, საშობაოდ დაკლული ღორის ხორცით, ყოველივე იმით, რაც მოეპოვებოდა და რა თქმა უნდა, კვერცხით, რომელიც შობის სიმბოლოა და რომელიც სულ მალე, აღდგომას, ქრისტეს ჯვარცმის ნიშნად წითლად შეიღებებოდა და მეჭონეებს, ქრისტეს აღდგომის მახარობლებს მიერთმეოდა. კვერცხით, რომელიც ოდითგან საუცხოო საჩუქრად ითვლებოდა. და ვაი, მას ვინც ძღვენს დაინანებდა (მეალილოეთა ძღვნის გარეშე გაშვება ხალხში ფუძის უბარაქობისა და ზიანის მომტანად ითვლებოდა) იმ მწყემსთათვის, რომლებიც ღვთისა და ანგელოზებისაგან დამოძღვრილ სახარებისეულ მწყემსებს განასახიერებდნენ, ვისაც მთელი ქვეყნისათვის ღვთისა და ანგელოზების ნებით ადამიანთა გამოხსნის უდიდესი საიდუმლოს შესახებ უნდა ეუწყებინათ. ამას გარდა, ქრისტიანი ქართველი მოსულში, ყოველ სტუმარში, მათ შორის, ყოველ მეალილოეში ღმერთს ხედავდა, რომელთათვის მირთმეული ძღვენი შესაწირიც იყო და საჩუქარიც, დიდებაც და თაყვანისცემაც. შობას წესად ძღვნის მირთმევაც სცოდნიათ. სამეგრელოში ნათლული ნათლიას მამალს, ღვეზელს და კვერს მიართმევდა. გურიაში რძლის მშობლებს ანუ მძახლებს უგზავნიდნენ ძღვენს. ეს შეიძლება ყოფილიყო ხარი ან ძროხა, ცხვარი, ინდაური, ღვინო, პურები, ხაჭაპურები და უსათუოდ საშობაო ღვეზელი. შობა-ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად ხვდებიან. ეს ორი დღესასწაული ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული, მაგრამ ახალი წელი და მისი აღნიშვნის ტრადიციები მაინც შეიცავს წინაქრისტიანულ წეს-ჩვეულებებს. დღესდღეობით შობას საქართველოში უფრო მშვიდ გარემოში აღნიშნავენ. ამ დღესასწაულს ყველა საშობაო ალილოთი ეგებება. საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული იყო ტრადიცია - მამაკაცებისგან შემდგარი გუნდი ჩამოივლიდა უბანებს და სიმღერით ულოცავდა შობის დღესასწაულს. მახარობლებს ოჯახის დიასახლისი ჩურჩხელით, ხილით და სხვადასხვა პროდუქტით ასაჩუქრებდა. ძირითადად ეს იყო პური, შაქარი და კვერცხი. მოგვიანებით მამაკაცები ბავშვებმა შეცვალეს. ძღვენს კი ჩურჩხელასთან ერთად დაემატა ფული და სხვა სახის ტკბილეული. საქართველოში საშობაო და საახალწლო სუფრაზე სხვადასხვა კუთხეში მისთვის დამახასიათებელ სადღესასწაულო კერძებს ამზადებენ. იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში - საცივი, სამეგრელოში - ელარჯი და ღომი, მესხეთში - თუთის ბექმეზითა და დათლილი ნიგვზით მომზადებული გოზინაყი. სადესასწაულოდ აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს ღორის ხორცი. სამეგრელოში - გოჭს წვავენ აჯიკითა და მარილ-წყლით, ამზადებენ კუპატებს ღორის შიგნეულობისა და ხორცისგან. ადრე კახეთში საშობაო სუფრაზე აუცილებლად უნდა დებულიყო მოხარშული ღორის თავ-ფეხი, ღორის ხორცის მწვადები და მუჟუჟი. ასევე ტრადიციულია მრგვლად მოხარშული დედალი ნიორთავას საწებლით. ნიორთავა წარმოადგენს მარილთან ერთად დანაყილ ნიგოზსა და ნიორს, რომელსაც წყლით ან ქათმის ბულიონით აზავებენ. ასეთი საკმაზით ანელებენ მოხარშულ სიმინდსაც, რაც კახური საახალწლო სუფრისთვის ძალიან დამახასიათებელია. ტკბილეულიდან - ჩურჩხელები (დასავლეთ საქართველოში - ჯანჯუხები), თაფლი, თხილეული და ჩირი. საშობაო-საახალწლო მენიუში შედის ასევე გოგრაში მოხარშული ტკბილი ფლავი, რომელსაც ასევე ბარბარობის დღესასწაულზეც ამზადებენ. აღმოსავლეთ საქართველოში, მთიანეთში საშობაო სუფრისთვის აუცილებლად აცხობდნენ ქადებს. მოხევეები ქადისთვის ზელენ საფუვრიან ტკბილ ცომს, რომელსაც კვერცხსა და ერბოს უმატებენ. ცომის მოზელა მთელ რიტუალს წარმოადგენს და მთელი დღე ეთმობა მის სამზადისს. ქადის გული მზადდება ერბოში მოხალული ფქვილისგან. ტკბილ ქადას გულში შაქარსაც უმატებენ. საახალწლოდ ქადებს მესხეთ-ჯავახეთშიც აცხობენ, ოღონდ, ნახევრადფენოვანი ცომით: საფუვრიან პურის ცომს კარაქს უსმევენ, რამდენჯერმე კეცავენ და აბრტყელებენ. უცნაურ ანალოგიას ვხვდებით ევროპაში, სადაც ერთ-ერთ საშობაო ნამცხვარს სწორედ შტრეიზელით - ჩვენებული ქადის გულით აცხობენ. ფშავში და ხევსურეთში არ არსებობს შობა-ახალი წელი ხინკლის გარეშე. ხევსურეთში დღესასწაულთან დაკავშირებით იხდება არაყი, იხარშება ლუდი. ცხვება საახალწლო კვერები, რომლებზეც სხვადასხვა საგანი და ცოცხალი არსებაა გამოსახული (საერთოდ, ეს ტრადიცია მთელ საქართველოში ფართოდაა გავრცელებული.). საახალწლო კვერი ცხვება ასევე მეკვლისთვის. ქართლში კვერებს ურიგდებათ როგორც ოჯახის წევრებს, ასევე შინაურ ცხოველებს. ადრე ასეთი ტრადიციაც იყო - ხონჩაზე დადებულ მოხარშულ ღორის თავს შემოუწყობდნენ ბედის კვერებს და სანამ ოჯახი სუფრასთან დასხდებოდნენ, ოჯახის უფროსი ეზოს შემოატარებდა ხონჩას. სვანეთში შობას საკლავის გარეშე არ აღნიშნავენ. იკვლება ხბო, ხარი, უმეტესად კი ღორი. საშობაო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს კუბდარი, ხაჭაპური, ფხლოვანი, ფეტვრა. ეს უკანასკნელი ხაჭაპურის განსაკუთრებული სახეობაა, რომელსაც ყველთან ერთად ერეოდა დაფქული კანაფის თესლი, რომელიც ფეტვად მიაჩნდათ. ახლა კანაფის თესლის ნაცვლად ფეტვს გამოიყენებენ. ამზადებენ გადაზელილ ყველს, ჭვიშტარს. სვანურ საშობაო სუფრაზე საპატიო ადგილი უკავია ხორცეულს. ტრადიციულად ხარშავენ ხბოს ან დეკეულის ბეჭს, ამზადებენ ღორის კუპატებსა და ზისხორას, რომელიც წარმოადგენს უძველეს სვანურ კერძს. ღორს ისე დაკლავენ, რომ სისხლი არ დაიკარგოს. ნაწლავებს კარგად გარეცხავენ, წვრილ ნაწლავებს კეპავენ, სისხლს გადაწურავენ, აურევენ სანელებლებს, მოხარშავენ და ამ გულსართით გამოტენიან მსხვილ ნაწლავებს. აჭარაში საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ბაქლავა და აჩმა. ბარაქის მოსატანად ოთახის ყველა კუთხეში მარცვლეულს ყრიან და თან დაილოცებიან. მარცვლეული და განსაკუთრებით ხორბალი მთელ საქართველოში ითვლება ნაყოფიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ, ამიტომ საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იდგას ჯამით ხორბალი. გურიაში შობისთვის საშობაო ღვეზელი ცხვება. ეს არის საფუვრიან ცომში გახვეული ყველი და მსხვილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი.
წყარო: რუსუდან სავანელი
|