ახალი ტყემლის საწებელი
მასალა:
2 კგ. უმწიფარი
ტყემალი
2 კონა აყვავებული ქინძი
2 კონა ომბალო
1 კონა ცერეცო
1 თავი ნიორი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
უმწიფარი
და კურკაგამაგრებული
ტყემალი გავრეცხოთ, ყუნწები დავაცალოთ. მოვათავსოთ მომინანქრებულ ან უჟანგავი ფოლადის ქვაბში 1 კონა აყვავებულ ქინძთან და 1 კონა ომბალოსთან ერთად, მოვაყენოთ წყალი და დავდგათ ცეცხლზე. ადუღების შემდეგ, როგორც კი ჩარბილდება, გადმოვწუროთ თუშფალანგზე ისე, რომ გადანაწური წყალი არ გადავაქციოთ. გავხეხოთ ტყემალი და თანდათანობით ვამატოთ მისივე ნახარში. გახეხილ მასას დავუმატოთ დანაყილი ნიორი, ცხარე მწვანე წიწაკა, ქინძი, ომბალო და ცერეცო. შევაზავოთ მარილით. გასათვალისწინებელია:
ცხარე მწვანე წიწაკა შეიძლება შეიცვალოს დაფქული წითელი წიწაკით. ჩასახარში მწვანილები ქვაბში მოვათავსოთ ღეროებიანად, ხოლო ნედლად სახმარი – გამოვარჩიოთ ფოთლები და ნაზი ყლორტები, წვრილად დავჭრათ და დავნაყოთ. მწვანე ტყემალი დიდი რაოდენობით შეიცავს პექტინს და გახეხვის შემდეგ შეიძლება იქცეს სქელ, ჟელესმაგვარ მასად. ამ შემთხვევაში, შეგვიძლია, დავუმატოთ ანადუღარი წყალი სასურველი კონსისტენციის მიღებამდე. საბოლოო ჯამში ტყემალი საკუთარი გემოვნებით უნდა შევანელოთ ნივრით, მწვანილით და სხვა სანელებლებით.
|