ქართული მარანი
ქართველებს ღვინის წარმოება ძველთაგანვე მოგვდევს. შესაბამისად, მეღვინეობის მდიდარი და მრავალფეროვანი ტრადიციები გვაქვს. სხვადაშორის ტრადიციები მნიშვნელოვნად განსხავდება საქართველოს კუთხეების მიხედვით, რაც განპირობებულია ბუნებრივი და კლიმატური პირობების ნაირფეროვნებით. ღვინის წარმოება მარნის გარეშე წარმოუდგენელია. ტრადიციამ ბოლო დრომდე შემოინახა ნაირგვარი მარანი, რომლებიც ქვეყნის ბუნებრივ-სამეურნეო პირობების მრავალფეროვნების შესაბამისად, მეტ-ნაკლები თავისებურებით ხასიათდება. მათ შორის გამოიყოფა ორი ძირითადი ტიპი: ღია მარანი და დახურული მარანი პირველი მათგანის სპეციფიკას შეადგენს ღია ცის ქვეშ, მიწაში ჩაფლული ქვევრები. საკუთრივ მარანში კი მოთავსებულია ყურძნის ფეხით დასაწური ხორგო-საწნახელი და მეღვინეობის სხვა ჭურჭელი. ხოლო მეორე ტიპის მარანში ქვევრებიც მოქცეულია შიგნით, "გადახურულში”, ისევე, როგორც მეღვინეობის დანარჩენი ინვენტარი.
ღია მარანი
ღია მარნის გავრცელების არეალი მხოლოდ დასავლეთ საქართველოს მოიცავს. იგი ხშირია იმერეთში, ქვემო რაჭაში, ლეჩხუმში (რიონის ხეობაში), გურიაში, ნაკლები სიხშირით გვხვდება სამეგრელოში.
ღია მარნის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს ღია ცის ქვეშ გამართული ჭურების ადგილ-სამყოფელი წარმოადგენს, რომელსაც აქვს საკუთარი სახელები: ჭურისთავი (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და გურია), ოლაგვანე –"საქვევრე” (სამეგრელო). იმერეთის ზოგ სოფელში ასევე დასტურდება ტერმინი "საჭურე”. იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ღია მარნის ზოგადი სახელწოდებაა ჭურმარანი. ეს ტერმინი ხშირად იხსენიება გვიანი ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს ისტორიულ საბუთებში.
ჭურ-მარანი დასავლურ ქართული კარ-მიდამოს განუყრელი ნაწილია. მეტწილად გამართულია მომაღლო ადგილას . მევენახეთა დაკვირვებით ჭურისთავზე "ჰაერი უნდა მუშაობდეს”, ამასთანავე წვიმის წყალს ყველა მხრიდან უნდა ”იწურავდეს”. ჭურისთავი სუფთა ადგილია და საქონელი რომ არ შევიდეს, ხშირად მესრით ან შქმერის ცოცხალი ღობით არის შემოსაზღვრული. იმისთვის, რომ ჭურებს მზემ არ დახედოს და ღვინო არ წაახდინოს, ჭურისთავი საგანგებოდ არის დაჩრდილული. ტრადიციული საჩრდილობელია კომშის, თხილის ან რცხილის ხეები _ ჭურების ირგვლივ შემორგული და ერთმანეთზე ტოტებით გადაყვანილი.
იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ჭურისთავზე გავრცელებულია კომშის ბუჩქების დარგვა, რადგან კომშის ბუჩქნარს კარგი ჩრდილი აქვს, ამასთან ეს ხე სუფთაა, მატლს იშვიათად იჩენს. რაც მთავარია მისი ფესვები მიწაში ღრმად და სწორად მიდის, რის გამოც ჭურებს დაზიანება არ ემუქრება. მისი ფოთლები ჭურების ფარფლის მოსარეცხად და ღვინის ბრკის მოსაწმენდად მოიხმარება, თვით ნაყოფს კი ღვინისათვის სასიამოვნო სუნის მისაცემად ჭურის კედელს შეახეხავენ. რაჭაში ჭურ-მარანზე ზაფხულობით მუდმივი ჩრდილისთვის მის შორიახლოსაც ირგვება ხეები: მეტწილად კოპიტი, რომელიც ჩრდილიანია, "უსუნო”, სუფთა და ლამაზი, ამასთან "ზრდაში დამყოლი”. იმერეთში კი ჭურისთავს ხშირად ბროწეულის ბუჩქებიც ამშვენებს.
ჭურისთავზე ჭურების განლაგების გარკვეული წესი შეიმჩნევა: დიდი, "ჩასავალი” ჭურები ჩაყრილია საწნახელთან ახლოს, დაწურული ყურძნის ტკბილი პირდაპირ რომ მიუშვან ჭურებში. მათ საშუალო ზომის ჭურები მოსდევს, სულ ბოლოს კი წვრილი ქვევრებია მოქცეული.
ღია ცის ქვეშ ჩაყრილ ჭურებს თავი საიმედოდ ეხურება. ჭურჭელს პირზე ჯერ აფარებენ "საფენს”: ესაა ხის თხელი კანის "ოფიჭო”, მოკუპრული ტყავი ან ბიის, ვაზის, თუ ნიგვზის ფოთლები. მას ზემოდან დაედება ხის მრგვალი სარქველი, ბადიმი ანუ როგო, სარქველზე თიხის სქელი ფენა "დაიკვერება”. ეს თიხა რომ არ დასკდეს, მას ფხვიერი მიწა წაეყრება. ამგვარად თავდახურულ ჭურჭელში წვიმის წვეთიც კი ვერ ჩავა.
ჭურისთავს ზედ ეკვრის მარანი, რომელიც ნაირგვარია, როგორც მასალის, ისე კონკრეტული თავისებურებების მიხედვით. მათ შორის გამოირჩევა ხისა და ქვის მარანი.
რაც უფრო მტკიცედ ნაგებია ხისა თუ ქვითკირის მარნები, მით უფრო მრავალფეროვანია შიგ მოთავსებული ინვენტარი. შესასვლელთან იქვე კუთხეში ჩვეულებრივ თავმოყრილია ჭურისთავის "ხელსახმარი”: ჭურიდან ფხვიერი მიწის გადმოსაყრელი თოხი, აყალოს მოსახდელი ძელბარი, აყალო მიწის დასაგლეს-დასაკვერი კვეჟო-საგოზელა .. კედლების გასწვრივ ხის სადგარებზე ხორგო-საწნახელია ჩადგმული თიხის სატკბილით _ ისარნით. ზოგჯერ აქვეა გამართული ჭაჭის საწნეხი საქაჩავი ანუ წბერი. მარნის კედლებსა და კოჭებზე გაწყობილია სხვადასხვა ხელსაწყო-იარაღი: ყურძნის მოსატენი მსხვილთავიანი კობულო-სატუკელა, ჭაჭის მისაწევ-მოსაწევი გრძელტარიანი ორშიმოები, გრძელტარიანი სარცხები, სათხლევეები..
ღია მარანი სავსებით შეესაბამება დასავლეთ საქართველოს ბუნებრივი პირობების თავისებურებებს.. ლიხთ-იმერეთის ჰავისა და ნიადაგის მოჭარბებული ტენიანობის გამო, "გადახურულში” ჭურების დამარხვა საზიანოა ღვინისათვის: მუდმივი "ჩერო” და უმზეობა ღვინოს "დაცდის”, შმორის სუნს მისცემს. ღია ჭურისთავზე კი სასურველი სიმშრალეა: მას დილა-საღამოს მზე უდგება, ნიავიც უვლის, ხოლო ზაფხულის მოჭარბებული სიცხისაგან ჭურისთავს აქ გამართული საჩრდილობელი იფარავს; გარდა ამისა, ჭურისთავს ნიავი და წვიმაც აგრილებს: "სიგრილეში ინახავს ღვინოს”.
ამჟამად ღია მარნის გავრცელების არეალი შემოფარგლულია დასავლეთ საქართველოს ტერიტორიით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოსთვის ეს ტიპი სრულიად უცხოა. მაგრამ წარსულში განსხვავებული ვითარება ყოფილა. ეთნოგრაფიული და ლიტერატურული მონაცემებით დგინდება, რომ მე-19 საუკუნის ბოლოსთვის ღია მარანი არცთუ იშვიათი მოვლენა იყო ქართლში და აქა-იქ კახეთშიაც, მეტადრე სიღნაღის რაიონში.
გვიანი ფეოდალიზმის ხანის აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ საბუთებში (წყალობისა და ნასყიდობის წიგნებში და სხვ.) არცთუ იშვიათად იხსენიება კომპოზიტური ტერმინი "ქვევრ-მარანი” თუ "ჭურ-მარანი”, რომელიც უთუოდ ღია მარანს გულისხმობს.
არქეოლოგიური მონაცემები აღმოსავლეთ საქართველოში ღის მარნის შორეულ ტრადიციებზე მიუთითებს. ქართლის ტერიტორიაზე არა ერთგან არის მიკვლეული ადრე ფეოდალური და გვიან ანტიკური ხანების ღია მარნის ნაშთები.
დახურული მარანი
დახურული მარნის გავრცელების არეალი ზოგადად მოიცავს ქართლ-კახეთს და აგრეთვე დასავლეთ საქართველოს მთის ზოლს, რაც ამ მხარეთა გეოგრაფიული თავისებურებებით აიხსნება.
ქვითკირის მარანი
ეს სახეობა ძირითადად დამახასიათებელია ქართლ-კახეთისთვის, სადაც მისი რამდენიმე ქვესახეობა დასტურდება. მრავალ სოფელში თითო-ოროლად გვხვდება ძველებური ქვიტკირის მარანი, რომელიც განსაკუთრებული სიდიდით გამოირჩევა. ზოგი მათგანის სიგრზე ათ მეტრს აღემატება. მარნებს თავდაპირველად ჰქონია მიწურბანიანი სახურავი, გვიან კი ორფერდა სახურავი დაუშენებიათ. არაერთი მათგანი ქართული ხალხური ხუროთმოძღვრების საუცხოო ნიმუშად გვევლინება. თვალს იზიდავს კედლების ლამაზი წყობა, ფასადის მხრიდან ჩაყოლებული აგურის ჯვრები და ზოლები, აგურით ამოყვანილი თაღოვანი შესასვლელი მუხის მასიური ორფრთიანი კარებით. ზოგი მარნის შიდა ფართობს ორ არათანაბარ ნაწილად ყოფს თაღებიანი კედელი ან ხის დედაბოძი, რომელიც უხვად მოჩუქურთმებულ გრძელ ბალიშს ებჯინება. მარნის მოზრდილ წინა ნაწილში ჩაყრილია ქვევრები, პირის ირგვლივ გაწყობილი აგურით. ამგვარად მოპირკეთებულ ჭურჭელში ღვინო უფრო სუფთად ინახება. მარანში უკან ყურძნის დასაწური განყოფილებაა. აქ კედელთან მთელ სიგრძეზე მიშენებულია ვეება ქვიტკირის საწნახელი, ჩვეულებრივ ორგანყოფილებიანი (ორთვალიანი) ერთდროულად სხვადასხვა ფერის ყურძნის დასაწურად განკუთვნილი. საწნახელის წინ ქვითკირისავე ბაქანია ყურძნიანი გოდრების დასადგმელად. წინიდან ბაქანში თიხის სატკბილე მილებს გამოუყვიათ თავები. ზოგ მარანში ქვევრიდან ამოღებული ნარეცხი წყლის გადასაღვრელად კედელში თახჩაა ჩატანებული, მის ფსკერზე კი გარეთ გამოყვანილი თიხის მილია ჩადუღაბებული.
მარნის კედლებში დატანებულია მოხდენილი სარკმლები და თახჩა-განჯინები. აქ ჩვეულებრივ ჩაშენებულიაძველებური ბუხარი, ზოგ მარანს მოეპოვება სხვენიც _ უმთავრესად ხილისა და ბოსტნეულის შესანახად.
ქართლ-კახეთის ძველებური ქვიტკირის მარნები დიდი მასშტაბის მეურნეობისთვისაა განკუთვნილი. ზოგ მათგანში ათეულობით ქვევრი დაითვლება.
აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მრავალგანაა შემორჩენილი ქვიტკირის მარნის ნაშთები შუა ფეოდალური ხანის ნაქალაქრებსა თუ ნასოფლარებზე, ეკლესია-მონასტრებისა თუ სასახლეთა კომპლექსებში. ადვილი შესაძლებელია, რომ უფრო ღრმად მიდიოდეს ამ ტერიტორიაზე ქვიტკირის მარნის მშენებლობის ტრადიცია.
განცალკევებით მდგომი ქვიტკირის მარანი იშვიათად გვხვდებადასავლეთ საქართველოს მთის ზოლში: ზემო იმერეთში (ჭიათურისა და საჩხერის რაიონები), ლეჩხუმსი (მდ. ცხენისწყლისა და ლაჯანურას ხეობები) და ზემო რაჭასა და ქვემო სვანეთში (ლენტეხის რაიონი). ქვემო სვანეთში ჩოლურისა და ჟახუნდერ-ჩიხარეშის სოფლებში დღემდეა შემონახული ქვა-კირიტ ნაშენები ძველი მარნის ნაშთები. ზოგ მათგანში თორმეტამდე ჭურია ჩაფლული. "ზოგი ჭური იმდენად დიდი ყოფილა, რომ კარებში არ ეტეოდა, რის გამოც ჯერ ჭურებს მარხვდნენ და შემდეგ ადგამდნენ შენობას”. თუმცა აღნიშნულ მხარეებში (ლაშხეთსა და ჩოლურში) ვაზს არ აშენებდნენ, ძველად ღვინო მაინც საკმაოდ ჰქონიათ. "აქ მარნები სპეციალურად ღვინისთვის შენდებოდა და ჭურებს ავსებდნენ ლეჩხუმიდან (ნაწილობრივ რაჭიდან) მოტანილი ღვინით”.
რაჭაში ქვიტკირის მარნები ძველთაგანვე უშენებიათ. ნიკორწმინდის მონასტრის წინამძღვრის მიერ შედგენილ სიგელში (XI ს.) აღნიშნულია – "ნიკოლაოს წმიდას შევქმენ .. მარანი ქვიტკირი და დავჰფალ შიგან ჭური ნავარძული”.
განცალკევებით მდგომი ხის მარანი
განცალკევებით მდგომი დახურული ხის მარანი მეტ-ნაკლებად გვხვდება დასავლეთ საქართველოში. იგი იშვიათია ზემო იმერეთში, გურიასა დარაჭა-ლეჩხუმში, შედარებით ხშირია სამეგრელოში. დასტურდება მისი ორი სახეობა: ფიცრული და ძელური ანუ ჯარგვალი. ამათგან ეს უკანასკნელი ტრადიციული, მამა-პაპურია და სამეგრელოში აქა-იქ დღემდეა შემორჩენილი.
ხის მარანი ტრადიციულია რაჭისათვის. XI ს-ის დოკუმენტში ნიკორწმინდის მონასტრისათვის ხის მარნის აშენებაზეა საუბარი: "შევქმენ საწირეს.. მარანი მუXისა და დავჰფალ შიგან ჭური..”
აქვე უნდა მოვიხსენიოთ რაჭული ხის მარნის თავისებური სახეობა "მთიულთა მარანი”. მოგვყავს მისი დახასიათება ეთნოგრაფ ლ. ფრუიძის მიხედვით: ცნობილია, რომ რაჭის მთის სოფლების მცხოვრებლებს ვენახები აქვთ ქვემოთ, რიონისპირა ადგილებში. იქ ხშირად აგებენ ერთსართულიან, ფიცრულ შენობას. ვენახში შეარჩევენ ისეთ ადგილს, რომელიც შედარებით მწირია (ეს იმიტომ რომ მიწა არ მოცდეს), მოასწორებენ, საძირკვლებს გასკვნიან და "ყორეს” _ "ქილიკს” აიყვანენ. ქილიკის აყვანის შემდეგ კედლები დაისარტყლება, სარტყლებზე გაიმართება "დირე”, რომელზედაც "დააჯენენ” ისრებს, ზედ გარდიგარდმო გადებენ "სათავეს”. სათავეზე დახრილად "კაკუტები” გაეწყობა, მერე "ლოფინები” და კოროლით ან ყავრით ”საბძლურად” დაიხურება.
შენობას ჭერი არ გააჩნია, აქვს მიწის იატაკი და ერთი კარი. შიგნით თავსდება საწნახლები, ტკბილის მოსაკავებელი ჭურჭელი და ყურძნის დასაწურავად საჭირო სხვა ინვენტარი. საწნახლის წინ ჩაფლულია ერთი-ორი ჭური სატკბილედ და პატარა "ქვევრა” სახარჯო ღვინისათვის. რაჭული "მთიულთა მარანი” განკუთვნილია ყურძნის დასაწურად, ტკბილის დასადუღებლად და დასაყენებლად კი "სახლის მარნები” გამოიყენება.
მარანი საცხოვრებელი სახლის კომპლექსში
ზოგადად ამ ტიპის გავრცელების არეალი ქართლ-კახეთს, აგრეთვე რაჭა-ლეჩხუმს და სვანეთს მოიცავს. ამგვარი მარანი განსაკუთრებით დამახასიათებელია ქართლ-კახეთისათვის, სადაც მისი არაერთი ნაირსახეობა დასტურდება. ქართლ-კახეთში ამჟამად გაბატონებულია ორსართულიანი ქვითკირის საცხოვრებელი სახლი, რომელმაც აქ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან მოიკიდა ფეხი.. მის ზედა სართულზე საცხოვრებელი ოთახებია, დაბლა კი ჩვეულებრივ მარანია გამართული, ზოგჯერ მარანს უკავია საცხოვრებელი სახლის ნახევარსარდაფის სართული. კახეთში აქა-იქ გვხვდება ადრინდელი ქვიტკირის დიდი სახლები, რომრლთა ქვედა სართული ზოგჯერ მთლიანად უზარმაზარ მარანს უკავია. თვალში მოგვხვდება მარნის ფართო ფიცრული კარი. წინა მხარეს, ჩვეულებრივ ერთი-ორი ფანჯარაცაა დატანებული. მიწურ (უიატაკო) მარანში შესვლისთანავე იგრძნობა სიგრილე. კედლებში აქა-იქ თახჩებია, ხშირად განჯინაცაა გამართული. ზოგ მარანს აქვს უკანა კარიც ეზოში – შინა ვენახში გასასვლელად. ერთ-ერთ კედელთან ხის ნავი დგას ან ქვიტკირის საწნახელია მიშენებული. ნავ-საწნახელის წინ უფროს-უმცროსობით ჩაყრილია საღვინე ქვევრ-ქოცოები, პირზე ქვის მრგვალი სარქველებით. კედლებზე, კოჭოებზე, საკიდებზე, თახჩა-განჯინებში გაწყობილია მეღვინეობის ნაირგვარი იარაღ-ჭურჭელი:სატკბილე ღარები, ხის ნიჩბები, გრძელტარიანი სარცხები, თუ კრაზანის კონები, თიხისა და სპილენძის ხაპირები, სპილენძის თუნგები, ძაბრები.. ქართლის მარნებში ხშირად გამართულია ძველებური ჭაჭის საწნეხი ხელსაწყო _საქაჯავი. უფრო ადრინდელ ვითარებას ასახავს ქართლ-კახეთში აქა-იქ შემორჩენილი ერთსართულიანი, "დაბალი” სახლი, რომლის ერთი თვალი საცხოვრებელია, მეორეში კი მარანია გამართული. ამ სახეობის შორეულ წინაპრად უნდა მივიჩნიოთ ურბნისის ნაქალაქარზე გათხრილი VI_VIII საუკუნეების ალიზის მარნები, რომლებიც ალიზითვე ნაგებ საცხოვრებელზეა უშუალოდ მიბმული. ასევე ძველ ტრადიციებს განასახიერებს ქართლ-კახეთში ზოგან შემორჩენილი დაბალი სახლები, ზედ მიდგმული ფიცრული ან ლასტის მარნით. მარანი ქართლში წარსულში გაბატონებული ბანიან-ერდოიანი დარბაზის კომპლექსის ერთ-ერთ სათავსოდაც გვევლინება. ქვემო ქართლში, თრიალეთში, მესხეთ-ჯავახეთში სხვადასხვა ადგილას ბოლო დრომდეა შემორჩენილი დარბაზული საცხოვრებლები, საგანგებო სამეურნეო სათავსოთი, რომელსაც მარანს უწოდებენ. ამ ტიპის მარნის თავისებურ სახეობას ქმნის ციხე-მარანი. ქართლ-კახეთში აქა-იქ კიდევ გვხვდება გვიანი შუა საუკუნეების დროინდელი ცოხე-კოშკები, სადაც ქვედა სართული მთლიანად მარანს აქვს დათმობილი.
წყარო: literatura.mcvane.ge
|